”რეფორმების თანდათანობით გატარება აგონიას ახანგრძლივებს” - რიჩარდ ებელინგი

ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს
ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტთა შორის პირველ ადგილზე რჩება. თუმცა ცხადია ისიც, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების გარეშე არც ერთი მათგანის განხორციელება რეალური არ არის. რა აფერხებს ეკონომიკურ რეფორმებს საქართველოში, როგორ შეძლო საბჭოთა კავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ წარმატების მიღწევა და არსებობს თუ არა წარმატებული ეკონომიკური რეფორმის ზოგადი რეცეპტი? ამ თემებზე ეკონომიკური განათლების ფონდის პრეზიდენტ რიჩარდ ებელინგს ვესაუბრე. ეს ფონდი 1946 წელს დაარსდა შეერთებულ შტატებში და მის მთავარ ამოცანას თავისუფალი ბაზრის პრინციპების პოპულარიზაცია წარმოადგენს. ფონდის პრეზიდენტი მარტის დასასრულს თბილისში იმყოფებოდა და რამდენიმე სემინარი ჩაატარა სამხრეთ კავკასიელი სტუდენტებისთვის. მას მე რადიო “თავისუფლების” თბილისის ბიუროში ვესაუბრე. მაშ ასე, ეკონომიკური განათლების ფონდის პრეზიდენტი რიჩარდ ებელინგი პოსტსაბჭოთა სივრცეში ეკონომიკური რეფორმების წარმატებისა და წარუმატებლობის მიზეზების შესახებ:

თქვენ, უპირველეს ყოვლისა, ასწავლით ეკონომიკას, თუმცა სწავლების პროცესში ინფორმაციას სტუდენტებისგანაც იღებთ. რა ინფორმაცია მიიღეთ კავკასიელი სტუდენტებისგან?
იმედგაცრუება... იმედგაცრუება იმის გამო, რომ არსებობს რაღაცის შეცვლის სურვილი, მაგრამ მისი შესრულება პოლიტიკური მიზეზების გამო რთულდება. ვგულისხმობ კორუფციას სახელმწიფო სისტემაში, ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების მიერ რეალური ცვლილებებისათვის ხელის შეშლას. მათ აქვთ შეგრძნება, რომ ვერ ახდენენ გავლენას არსებულ სისტემაზე არა მარტო როგორც ახალგაზრდები, არამედ როგორც საზოგადოების წევრები. ხშირად ისინი მსჯელობენ არა იმდენად იმაზე, რა არის გასაკეთებელი (ამაზე შეთანხმება შესაძლებელია, რადგან საუბარი ეხება თავისუფალი ბაზრის ხელშემწყობი რეფორმების გატარებას, გადასახადების შემცირებას იმისათვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ჯიბეში მეტი ფული, დააგროვონ ის, განახორციელონ ინვესტიცია და ა.შ.), არამედ მათი იმედგაცრუება უკავშირდება იმას, თუ როგორ უნდა გამოიყვანონ ქვეყანა დღევანდელი მდგომარეობიდან. ეს ხდება იმის გამო, რომ ახალგაზრდები ხედავენ ცვლილებების ხელისშემშლელ პოლიტიკურ ბარიერებს.
საინტერესოა, გქონდათ თუ არა შესაძლებლობა თვალი მიგედევნებინათ რეფორმებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში და შეხვედროდით იქაურ სტუდენტებს რეფორმების გატარებამდე. იქნებ შეგვედარებინა მათი მაშინდელი ხედვა ჩვენი სტუდენტების ხედვასთან და განგვესაზღვრა დაახლოებით რა გზა გვაქვს გასავლელი წარმატებულ რეფორმებამდე.
მე ვმოგზაურობდი ყოფილ საბჭოთა კავშირში, განსაკუთრებით ხშირად - 1990-91 წლებში, საბაზრო რეფორმასა და პრივატიზაციაზე საკონსულტაციო საქმიანობას ვეწეოდი. ძირითადად, ლიტვის მთავრობასთან ვმუშაობდი. მე შევნიშნე განსხვავება საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკებში არსებულ გაგებებსა და ცვლილებების შესაძლებლობებს შორის. აღმოსავლეთ ევროპისა და საბჭოთა კავშირის რიგ ქვეყნებში პროგრესი აშკარად უფრო სწრაფად განხორციელდა.
რატომ?
მიმაჩნია, რომ, ნაწილობრივ, ეს დაკავშირებულია იმასთან, თუ რომელი ქვეყანა რამდენ ხანს იმყოფებოდა საბჭოთა კონტროლის ქვეშ. რომ განვაზოგადოთ: აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნები საბჭოთა რეჟიმის ქვეშ დაახლოებით ნახევარი საუკუნის მანძილზე იმყოფებოდნენ. იქ არსებობდა მშობლებისა და ბებია-პაპების თაობა, რომელსაც ახსოვდა კომუნიზმის პერიოდამდელი რეჟიმი და თავის გამოცდილებას ახალგაზრდებს უზიარებდა. ასე რომ, ავტორიტარული რეჟიმის პირობებშიც კი იმ ქვეყნებში გარკვეულ დონეს ინარჩუნებდა პირადი თავისუფლება, არ იყო დაკარგული კანონის უზენაესობისა და კერძო საკუთრების, საკუთარი ბიზნესის გაგება. პრობლემა ის არის, რომ რუსეთი, უკრაინა თუ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები კომუნისტური რეჟიმის ქვეშ 75 წლის მანძილზე იმყოფებოდნენ და თაობა, რომელსაც წინანდელი ცხოვრება ახსოვდა, წავიდა, ბევრიც დახოცეს. ასე რომ, თითქმის აღარავინ დარჩა, ვინც საკუთარ ცოდნასა და საბჭოთა პერიოდამდელ ფასეულობებს გადასცემდა თაობებს. მიმაჩნია, რომ ეს არის ერთ-ერთი ელემენტი, რამაც ზეგავლენა მოახდინა შემდგომ პროცესზე.
როგორ გგონიათ, არსებობს რაიმე ზოგადი რეცეპტი რეფორმების წარმატებით გატარებისთვის?
დიახ. და ამ ზოგად რეცეპტებს შორის დავასახელებდი შემდეგს: თუკი ქვეყანას სურს რეფორმის გატარება, ეს უნდა მოხდეს შოკური თერაპიის გზით და არა თანდათანობით (ვიცი, რომ ამ ”შოკურ თერაპიას” ზოგიერთი ცუდად აღიქვამს, თუმცა ამ ფრაზას სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს). რეფორმის დროში გაწელვა ახანგრძლივებს აგონიას და უადვილებს გარკვეულ ინტერესთა ჯგუფებს ჩამოაყალიბონ კოალიციები რეფორმასთან დასაპირისპირებლად, რადგან ისინი ცვლილებებს თავიანთი ინტერესებისთვის საზიანოდ აღიქვამენ. უმჯობესია მრავალი რეფორმის ერთად და, შეძლებისდაგვარად, სწრაფად გატარება, ტკივილის გადატანა, რომ მისგან მიღებული სარგებელი უფრო მალე დავინახოთ. ასეთი გზით წავიდა ესტონეთი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რესპუბლიკა იყო. ესტონეთივით სწრაფად არა, მაგრამ საკმაოდ სწრაფად განხორციელდა რეფორმები პოლონეთში, ჩეხეთის რესპუბლიკასა და უნგრეთში. რუსეთში ეს ძალიან თანდათანობით ხდებოდა. ახლანდელი ხელისუფლება კი საერთოდაც ავტორიტარულ პოლიტიკას მიუბრუნდა. ასე რომ, მიმაჩნია, რომ რეფორმები უნდა განახორციელოთ რაც შეიძლება სწრაფად. მთავარია იმის კარგად ცოდნა, საით გინდათ წასვლა და რატომ არის აუცილებელი რეფორმა. ამას მოჰყვება შეგუების პერიოდიც, მაგრამ ესეც შედარებით სწრაფად გადაილახება. მიმაჩნია, რომ თქვენ ასე უნდა მიუდგეთ რეფორმებს.
რაც შეეხება ესტონეთს, მქონდა ბედნიერება მესაუბრა მარტ ლაართან, რომელმაც მითხრა, რომ არ მისდევდა ყოველთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რჩევებს. მანვე ბრძანა, რომ ეკონომიკის კანონების დაცვა ყოველთვის არ უწყობს ხელს რეფორმებს და მარტ ლაარი ხშირად უგულებელყოფდა მათ...
მგონია, რომ მიუხედავად კეთილი განზრახვისა, რომელიც შეიძლება საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკს ჰქონდეთ, ძალიან ხშირად პოლიტიკა, რომელსაც ისინი სთავაზობენ ქვეყანას, არ უწყობს ხელს რეფორმას, არ შეესატყვისება იქ არსებულ ვითარებას. მაგალითად, წლების წინ არგენტინას ჰქონდა საერთაშორისო ვალი. სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ბანკმა ვალის დასაფარად ხელისუფლებას შესთავაზეს გადასახადების გაზრდა, რაც, ჩემი აზრით, კი არ ზრდის სახელმწიფოს შემოსავლებს, არამედ ამცირებს. როცა ზრდი გადასახადს, ადამიანებს უხშობ მუშაობის, დანაზოგის გაკეთებისა და ინვესტირების სურვილს. სინამდვილეში, საჭიროა გადასახადების შემცირება, რომ ადამიანებს ჰქონდეთ მეტი ფული და აწარმოონ საექსპორტო პროდუქცია, ამ გზით შეუწყონ ხელი ვალის დაფარვას და შეამცირონ სახელმწიფო დანახარჯი, რომელიც ვალის დაფარვას დასჭირდებოდა. რაც მეტად მოახდენ ეკონომიკის დერეგულაციას, რაც მეტად გაუშვებს ხელს მთავრობა ეკონომიკას, კერძო სექტორი უფრო სწრაფად შეძლებს ინვესტირებას, შექმნის სამუშაო ადგილებს, შეუწყობს ხელს სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას და საშინაო ეკონომიკის ზრდას. ასე რომ, სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი ხშირად სთავაზობენ მთავრობას ისეთი პოლიტიკის გატარებას, რომელსაც უკუშედეგი მოაქვს. მსმენია იმის შესახებაც, რომ ხშირად ისინი ართულებენ რეფორმის მიმდინარეობას საქართველოშიც.