ყოველკვირეული რადიოჟურნალი

წამყვანი: ბიძინა რამიშვილი, პრაღა 672-ე გამოშვება
ბიძინა რამიშვილი:
ძვირფასო რადიომსმენელებო. გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ გამოშვებას. დღეს ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა ესაჭიროება საქართველოს - შეცვლილი კონსტიტუცია თუ კონსტიტუციის გამოცვლა; ვნახავთ, რა შანსები აქვთ საქართველოში ქალებს პოლიტიკურ ასპარეზზე; მოგითხრობთ თბილისის სახელმწიფო არქივში გამართულ ერთ უნიკალური გამოფენაზე; შემოგთავაზებთ მასალას ალექსანდრ დიუმა უფროსზე. პრაღაში პროგრამას უძღვება ბიძინა რამიშვილი.

საკონსტიტუციო ცვლილებები თუ კონსტიტუციის შეცვლა

ბიძინა რამიშვილი:
მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა ოქტომბერში საკონსტიტუციო ცვლილებების იდეა წამოაყენა, პოლიტიკურმა კლასმაც და საზოგადოებამაც ჩვეული რეაქცია შეაგება: პირველ ხანებში ძალიან ინტენსიურად ეხმაურებოდნენ, კრიტიკოსებიც და მხარდამჭერებიც. შემდეგ სიმძაფრე განელდა და პროექტი თითქოს მიავიწყდათ. გარკვეული პაუზის შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებები საზოგადოებას შეახსენა ერთმა კაცმა, რომელმაც წამოჭრა ძირითად კანონში არა ცვლილებების შეტანის, არამედ საერთოდ, კონსტიტუციის შეცვლის საკითხი. დავით პაიჭაძე სწორედ ახალი კონსტიტუციის იდეის ავტორს, ”თავისუფლების ინსტიტუტის” დამფუძნებელს, ლევან რამიშვილს ესაუბრა.

დავით პაიჭაძე:
მოქმედი კონსტიტუცია 1995 წელს მიიღეს. მას შემდეგ პოლიტიკური რეალობა იცვლებოდა და, მის კვალად, კონსტიტუციასაც ცვლიდნენ, ყველაზე მკვეთრი ცვლილებები ვარდების რევოლუიციის შემდეგ, 2004 წლის თებერვალში შევიდა. მაგრამ პოლიტიკური სინამდვილე ყოველთვის იცვლება. როგორი უნდა იყოს კონსტიტუცია, რომელიც არ იქნება დამოკიდებული ასეთ ცვლილებებზე? თავისუფლებნის ინსტიტუტის დამფუძნებელი, ლევან რამიშვილი ამბობს, რომ კონსტიტუცია, უწინარესად ეროვნული კონსენსუსის დოკუმენტი უნდა იყოს და სამართლებრივი დატვირთვის გარდა, სიმბოლური დატვირთვაც ჰქონდეს.

[რამიშვილის ხმა]

ლევან რამიშვილი ამტკიცებს, რომ კონსტიტუციას მცირე ავტორიტეტიც აღარ შერჩა და არანაირი დაკემსვა მას არ უშველის. შეიძლება ცვლილებათა შედეგად სრულყოფილი ტექსტი მივიღოთ, მაგრამ კონსტიტუცია მხოლოდ ტექსტი არ არის. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რა ეწერება კონსტიტუციაში, არამედ როგორ მიიღებენ მას. საჭიროა მეტი გამჭვირვალობა, საჯაროობა და საზოგადიების ჩართვა-მონაწილეობა მისი მიღების პროცესში. თუმცა, აქაც საღმა აზრმა უნდა იმარჯვოს და კონსტიტუციაში არ მოხვდეს დებულებები კერძო და კონკრეტული პრობლემების შესახებ. მსჯელობა და შემუშავების პროცესი, ლევან რამიშვილის თქმით, ერთგვარი შავი კონსენსუსის კალაპოტში უნდა წარიმართოს

[რამიშვილის ხმა]

მოქმედ კონსტიტუციაში ლევან რამიშვილი განსაკუთრებით კრიტიკულად ეკიდება თავებს ადამიანის უფლებებისა და სასამართლო ხელისუფლების შესახებ. საიმისოდ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებებს სათანადო პატივი სცენ, აუცილებელია, კონსტიტუციური სტანდარტები შეესაბამებოდეს დღევანდელ საერთაშორისო პრაქტიკას, ამბობს ლევან რამიშვილი და დასძენს, რომ იდეალური ნორმების შეტანა კონსტიტუციაში, ცხადია, ავტომატურად არაფერს დაარეგულირებს. დემოკრატია უმრავლესობის მმართველობაა, მაგრამ ის უმრავლესობის ტირანიაში არ უნდა გადაიზარდოს. სწორედ ამას სჭირდება ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტიების გათვალისწინება კონსტიტუციაში, რაც ხშირად უმცირესობის უფლებათა გარანტიებს ნიშნავს:

[რამიშვილის ხმა]

ყველაზე სერიოზული ხარვეზები კი კონსტიტუციაში, ლევან რამიშვილის აზრით, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას ეხება.

დავით პაიჭაძე, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი.

ქალები ქართულ პოლიტიკაში

ბიძინა რამიშვილი:
ოთხშაბათს, რიგაში ნატოს სამიტის დახურვა ტრადიციული ცერემონიით დასრულდა - ნატოს წევრი სახელმწიფოების მეთაურებმა ერთად სამახსოვრო ფოტო გადაიღეს. სახელმწიფოს მეთაურთა შორის ორი ქალბატონი იყო - ლატვიის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი. გამორიცხული არ არის, 2008 წლისთვის დაგეგმილ სამიტზე სახელმწიფოს მეთაურთა გენდერული ბალანსი ქალთა სასარგებლოდ კვლავ შეიცვალოს. თემას თამარ ჩიქოვანი განაგრძობს.

თამარ ჩიქოვანი:
სავსებით შესაძლებელია, 21 საუკუნე პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის თვალსაზრისით განსაკუთრებული აღმოჩნდეს - გამორიცხული არ არის, 2007 წელს საფრანგეთის პრეზიდენტი სეგოლენ რუაიალი გახდეს, სამშობლოში ყველაზე მომხიბვლელ პოლიტიკოსად აღიარებული ქალბატონი. ამერიკის შეერთებულ შტატებში 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს კიდევ ერთი ქალბატონი - ჰილარი კლინტონი, რომლის მიმართაც ამერიკულ საზოგადოებაში დამოკიდებულება იმდენად პოზიტიურია, რომ, დამკვირვებელთა აზრით, შესაძლოა, ის ამერიკის პირველი ქალი-პრეზიდენტი გახდეს.

უსამართლობა იქნებოდა იმის თქმა, რომ ქალები დიდ პოლიტიკაში აქამდე არ მონაწილეობდნენ. მეოცე საუკუნის პოლიტიკაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ლეგენდარულმა ქალმა-პოლიტიკოსებმა - მარგარეტ ტეტჩერმა, გოლდა მეიერმა თუ ინდირა განდიმ. პირველი პრეზიდენტი-ქალი კი ისლანდიაში აირჩიეს - ვიგდის ფინბოგადოტერი ქვეყანას 16 წელიწადი მართავდა. ფინეთის პრეზიდენტიც ქალია - ტარია კაარინა ჰალონენი, რომელიც პრეზიდენტობამდე იყო პარლამენტის წევრი, სოციალური დაცვისა და ჯანდაცვის მინისტრი, იუსტიციის მინისტრი. პირველი პრეზიდენტი-ქალი პოსტსაბჭოთა სივრცეში ლატვიაში აირჩიეს - ვაირა ვიკე-ფრეიბერგას პერიოდში ლატვია ნატოს წევრიც გახდა და ევროკავშირშიც გაწევრიანდა.

რაც შეეხება საქართველოს - გემახსოვრებათ, გასული საუკუნის 90-იანი წლებიც ბოლოს გავრცელდა ხმა, თითქოს წინასწარმეტყველმა ვანგამ განაცხადა, შევარდნაძის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ქალი იქნებაო. ღმერთმა უწყის, მართლაც ბრძანა თუ არა ასეთი რამ ცნობილმა წინასწარმეტყველმა, თუმცა, ფაქტი ფაქტად რჩება - შევარდნაძის გადადგომის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას მართლაც ქალი - პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ასრულებდა:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ” მე, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, იძულებული ვარ, პრეზიდენტის ქმედითუნარიანობის საბოლოოდ გარკვევამდე ახალი საპარლამენტო და საპრეზიდებტო არჩევნების დანიშვნამდე, ჩემს თავზე ავიღო ის ფინქციები, რაც კონსტიტუციით მევალება.”

ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტის მოვალეობას ერთი თვე და 2 დღე ასრულებდა. პოლიტოლოგი შალვა ფიჩხაძე ამბობს, რომ ძლიერი კანდიდატის გამოჩენის შემთხვევაში, საქართველოში პრეზიდენტი ქალის არჩევას წინ არაფერი უდგას:

[შალვა ფიჩხაძის ხმა] ” მე მგონი, საზოგადოება მომზადებულია. თუ იქნა შესაბამისი კანდიდატი, მე მგონი, საზოგადოება ამისთვის მზადაა, თუმცა, რა თქმა უნდა, რაღაც პატრიარქალური განწყობილებები რეალურად სუფრას და სამზარეულოს არ სცილდება - პოლიტიკაში ასეთი რამ არ არის. იშვიათად, რომ ქართველმა ამომრჩეველმა არჩევანი გააკეთოს იმ საფუძველზე, ქალია და ოჯახს მიმართოს, რა უნდა პოლიტიკაშიო. თუ ეს იქნა ღირებული პოლიტიკოსი და თუ მან გასცა პასუხი ყველაზე ხშირ ქართულ კითხვას - გვეშველება რამე და ვინ გვიშველის - თუ ჩათვალა, რომ ეს უშველის - მაშინ ამომრჩეველი მას დაუჭერს მხარს სქესისგან განურჩევლად.”

35 წლის თბილისელი მაია საერთოდ არაეთიკურად თვლის პოლიტიკაში სქესზე საუბარს:

[მაიას ხმა] ”დისკრიმინაციაა, როცა ასე იყოფა პოლიტიკა - ქალები და კაცები. ასპარეზი ყველასთვის საერთო უნდა იყოს - უნარისა და შესაძლებლობების მიხედვით. თორემ საკითხის ასე დაყენება, რომ - მაგალითად, იყო პარლამენტში საუბარი ქალებისთვის კვოტების განოყოფაზე - პირიქით, ქალების დისკრიმინაციად მიმაჩნია.”

კიდევ ერთი ჩემი მოსაუბრე ნატო, რომელიც ერთერთ საჯარო დაწესებულებაში მუშაობს, დარწმუნებულია, რომ ქალებს პოლიტიკაში კარგი პერსპექტივა აქვთ:

[ნატოს ხმა] ”ვთვლი, რომ შესაძლებელია საქართველოში ძლიერი კანდიდატი გაჩნდეს, რადგან ბოლო დროს სულ უფრო მეტი ქალი მოდის პოლიტიკაშიც, სახელმწიფო მართველობაშიც. ამიტომ, სავსებით შესაძლებელია. ბოლო დროს საქართველოში მენტალიტეტიც შეიცვალა - ქალებს მეტი გასავალი აქვთ, მეთი შესაძლებლობა და თავდაჯერებულობაც.”

რაც შეეხება მამაკაცების აზრს საქართველოში ქალი-პრეზიდენტის არჩევის შანსებთან დაკავშირებით - ამ თემაზე საუბრის მსურველთა მოძიება საკმაოდ რთული საქმე აღმოჩნდა. ზოგადად კი, დამოკიდებულების დემონსტრირებისთვის 40 წლის ავთანდილის მოსაზრებას გაგაცნობთ:

[ავთანდილის ხმა] ”შანსი ყოველთვის არის. სხვა საქმეა, აირჩევენ თუ არა.
[ჟურნალისტის ხმა] ხედავთ ძლიერ კანდიდატს, ვინც შეიძლება პრეზიდენტი გახდეს?
[ავთანდილის ხმა] დღეს მამაკაცებშიც ვერ ვხედავ, რომ პრეზიდენტი გახდეს.”

ბიძინა რამიშვილი:
საქართველოში პოლიტიკურ ასპარეზზე ქალთა შანსებზე მასალა თამარ ჩიქოვანმა მოამზადა. თქვენ უსმენთ რადიო თავისუფლებას.

უნიკალური გამოფენა თბილისის სახელმწიფო არქივში

ბიძინა რამიშვილი:
უკვე ერთი კვირაა თბილისის ცენტრალურ სახელმწიფო არქივში ქალაქის წარსულთან დაკავშირებული გამოფენა მიმდინარეობს. ზაქარიაძის ქუჩაზე მდებარე არიქივის შენობაში დამთვალიერებელი იხილავს ქალაქის უნიკალურ ფოტოებს, რუკებს და თბილისთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან დოკუმენტებს. ექსპოზიცია 1837 წლის მასალებით იწყება და 1991-92 წლების ”რუსთაველის ომის” ფოტოქრონიკით მთავრდება. ამ გამოფენით თბილისის არქივის თანამშრომლებს სურთ იმის დემონსტრირება, რომ მათი უწყება მხოლოდ საცავი არ არის და მნიშვნელოვან სამეცნიერო მასალას ფლობენ. რით არის გამორჩეული თბილისის არქივში მიმდინარე გამოფენა და ზოგადად რა პირობებში საქმიანობენ არქივის თანამშრომლები - ამის თაობაზე ალექსანდრე ელისაშვილი ისაუბრებს.

ალექსანდრე ელისაშვილი:
ბოლო ხანებში თბილისის ისტორიის მიმართ ინტერესი, რომ გაიზარდა უდავო ფაქტია. ამის დასტურია გახშირებული გამოფენები ქალაქის წარსულთან, არქიტექტურასთან, თუ სხვა საინტერესო თემებთან დაკავშირებით. საზოგადოება იმასაც შეეჩვია, რომ ამგვარი გამოფენები ძირითადად თბილისის ისტორიის მუზეუმში, ან რომელიმე კერძო საგამოფენო დარბაზში იმართება, ამდენად თბილისის არქივში ექსპოზიციის მოწყობა ბევრისათვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ჩვენთან დამკვიდრებული სტერეოტიპის თანახმად არქივი აღიქმება ერთ დიდ საცავად, სადაც უბრალოდ ქაღალდებს ინახავენ. როგორც ირკვევა პირველ რიგში ამ სტერეოტიპის დამსხვრევა სურდათ თბილისის ცენტრალური სახელმწიფო არქივის თანამშრომლებს, რომლებმაც ქალაქის წარსულთან დაკავშირებით ფოტოების, რუკების და სხვადასხვა დოკუმენტის გამოფენა განიზრახეს. როგორც გაირკვა თავდაპირველად ამ გამოფენის მოწყობა მხოლოდ ასე ვთქვათ შიდა მოხმარებისათვის, არქივის თანამშრომლების ახლობლებისათვის სურდათ, მაგრამ შემდეგ მისი მასშტაბების გაფართოვება განუზრახავთ. ამის თაობაზე თბილისის არქივის ხელმძღვალენმა მაკა კვარაცხელიამ გვითხრა:

[მაკა კვარაცხელიას ხმა] თავდაპირველად ეს ჩვენ თანამშრომლებს სურდათ, რომ ეს რაღაც უფრო პატარა მასშტაბის ყოფილიყო ეს გამოფენა და გაგვეცნო ჩვენი ახლობლებისთვის, შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის გაგვეცნო არქივი, გვენახებინა რა დოკუმენტებს ვინახავდით, მაგრამ ამ მუშაობის პროცესში იმდენად საინტერესო მასალამ მოიყარა თავი, რომ ამ გამოფენის მასშტაბებიც გაიზარდა. ჩვენს დარგში იმდენი ხანია ამგვარი გამოფენა არ ყოფილა, რომ ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა.

გამოხმაურება იქით იყოს და თავად ექსპოზიცია მართლაც, რომ უნიკალურია, უნიკალური და თბილისის წარსულის ნებისმიერი მოყვარულისათვის მომხიბლავი. მაგალითად აქ ნახავთ თბილისის ერთ-ერთ პირველ პანორამულ ფოტოს, იხილავთ მუხრანის რკინის ხიდის პროექტს და ხიდის სამშენებლო სამუშაოების საზეიმო გახსნის ფოტოს. იხილავთ სიონის ეკლესიის მახლობლად მოსალოდნელ სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით კალისტრატე ცინცაძის წერილს, მიწერილს ქალაქის აღმასკომისადმი, იხილავთ ქალაქის უძველეს რუკებს და თბილისის ომის შედეგად განადგურებულ რუსთაველის გამზირს, მოკლედ მას ვისაც ქალაქი უყვარს ზაქარიაძის ქუჩაზე მდებარე თბილისის არქივის შენობაში უდიდესი სიამოვნება ელის. თუმცა გამოფენით მოგვრილი სიამოვნება ერთია და მეორე თავად არქივში არსებული საკმაოდ მძიმე მდგომარეობა. სხვა არქივების მსგავსად ამ უწყებაში შესვლისთანავე იგრძნობთ პრობლემების სუსხს. უმალვე შემოგებებებათ საბჭოთა ყაიდის რემონტი და სიცივე. მაკა კვარაცხელიამ გაგვიმხილა, რომ არქივისათვის უმთავრესი გათბობა-კონდიცირების სისტემა 1972 წლიდან არ განახლებულა, არადა არქივში მთავარია თანაბარი ტემპერატურისა და ტენიანობის შენარჩეუნება:

[მაკა კვარაცხელიას ხმა] რ თქმა უნდა მოძველდა 72 წლის შემდეგ არც ეს კონდიცირების სიტემა არ განახლებულა, არც გათბობის სისტემა, კი ყველაფერი მუშა მდგომარეობაშია, მაგრამ რა თქმა უნდა მოძველებულია.

ჩვენ, ტრადიციულად ცდუნებას ვერ გავუძელით და თბილისის არქივის ხელმძღვანელს საცავების ჩვენება ვთხოვეთ. არქივის ამჟამინდელმა და ყოფილმა ხელმძღვანელებმა მაკა კვარაცხელიამ და უკვე ასაკოვანმა, მაგრამ ენერგიულმა ირაკლი ბერაძემ ჩვენი მასპინძლობა სიამოვნებით იკისრეს და გაყინული საცავებისაკენ გაგვიძღვნენ:

[ისმის საცავში შესვლის ხმა]

ბევრის მომსწრე ირაკლი ბერაძეცა და მაკა კვარაცხელიაც, რომელიც თბილისის არქივს ორი წელია ხელმძღვანელობს საცავებში გამეფებული სიცივის მიუხედავად იმედიანად არიან განწყობილნი. ბოლო პერიოდში არქივს დაფინანსება გაეზარდა. არის დაპირება, რომ უახლოეს მომავალში გათბობა-კონდიცირების სისტემაც მოწესრიგდეს. მანამდე კი არქივის თანამშრომლები აპირებენ არაერთი გამოფენის, თუ სხვა ღონისძიების ორგანიზებას, რათა ყველა დაარწმუნონ, რომ არქივი არა მხოლოდ საცავი, არამედ მნიშვნელოვანი სამეცნიერო დაწესებულებაა.
ალექსანდრე ელისაშვილი, რადიო თავისუფლება, თბილისი.


ალექსანდრ დიუმა უფროსი

ბიძინა რამიშვილი:
შემდეგი სიუჟეტი ეხება ალექსანდრ დიუმა უფროსს. მასალა იური ვაჩნაძემ მოამზადა.

იხ. აუდიოვერსია.

ბიძინა რამიშვილი:
თქვენ მოისმინეთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგი გამოშვება, რომელსაც ბიძინა რამიშვილი უძღვებოდა. ხმის რეჟისორები გახლდნენ: პრაღაში ანგელინა შკურენკო და თბილისში - ლევან გვარამაძე.

ჩვენი გადაცემების მოსმენა და ტექსტური სახით გაცნობა შეგიძლიათ ჩვენს ვებსაიტზეც, რომლის მისამართია: tavisupleba.org

მომავალ შეხვედრამდე რადიო თავისუფლების ეთერში.