რა ტიპის თანამშრომლობა ყალიბდება საქართველოსა და ესტონეთს შორის?

18 დეკემბერს საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ესტუმრა ესტონეთის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის ურმას პაეტის ხელმძღვანელობით.
ვიზიტის დაწყებისთანავე ურმას პაეტი მისმა ქართველმა კოლეგამ გელა ბეჟუაშვილმა მიიღო. მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ”ორმაგი დაბეგვრის აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ”. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელსა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც შეხვდება.

საქართველოს ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებს არაერთხელ მოუყვანიათ ესტონეთის მაგალითი ამა თუ იმ ნაბიჯისა და რეფორმის გასამართლებლად და დასასაბუთებლად. ენერგომატარებლების გაძვირება და რუსეთის მხრიდან ეკონომიკური ბლოკადაც კი ბალტიისპირეთის ქვეყნების პრაქტიკით აიხსნება:

[კახა ბენდუქიძის ხმა] ”ეს მოხდა იმავე ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანწილად იყვნენ ჩამოკიდებული რუსეთზე. ეს იყო 13-14 წლის წინ. ეს ძალიან წყნარად გამოიყენეს. შედეგი ამას ის მოჰყვება, რომ ამ დროს თუ არის ქვეყნის ეკონომიკა რეფორმირებული ,პირიქით, ეს ქვეყანა ამას იოლად გადალახავს და უფრო მეტს აკეთებს.” (სტილი დაცულია)

ისევე როგორც სახელმწიფო მინისტრმა კახა ბენდუქიძემ, საქართველოსა და 15 წლის წინანდელი ესტონეთის პრობლემების მსგავსება 23 ნოემბერს თბილისში მყოფმა ესტონეთის პრეზიდენტმა ტომას ჰენდრიკ ილვესმაც შენიშნა:
”ის პრობლემები, რომლებიც დღეს თქვენს ქვეყანაში შეიქმნა, ჩვენთვისაც კარგად ნაცნობია. საქართველო დღეს იმავე ვითარებაში იმყოფება, როგორშიც იყო ესტონეთი სსრკ-ის დაშლის შემდეგ. ჩვენც გამოვიარეთ ეკონომიკური ბლოკადები, ენერგეტიკული კრიზისი, თუმცა სწორად გატარებულმა რეფორმებმა და ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის სურვილმა ყველა სიძნელე გადაგვალახვინა.”

ესტონეთმა საქართველოს პოსტსაბჭოური სირთულეების გადალახვაში მხარდაჭერა და დახმარება აღუთქვა, რაც მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის დაწყებით გამოიხატება.

[ისმის ტაშის ხმა]

ტაშითა და შამპანურით აღინიშნა 18 დეკემბერს საქართველოსა და ესტონეთს შორის ”ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ” ხელშეკრულების გაფორმება. შეთანხმებას ხელი მოაწერეს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას პაეტმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა.

ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირები ჯერჯერობით სუსტია, თუმცა მხარეებს იმედი აქვთ, რომ ეს ხელშეკრულება და სავიზო რეჟიმის გაუქმება ხელს შეუწყობს ინვესტიციების ზრდასა და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას. საგარეო საქმეთა მინისტრები იმაზეც შეთანხმდნენ, რომ მოამზადებენ და ხელს მოაწერენ ინვესტიციების დაცვისა და წახალისების ხელშეკრულებას. გელა ბეჟუაშვილის კომენტარი:

[გელა ბეჟუაშვილის ხმა] ”ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ურთიერთობები და, კერძოდ, ესტონეთთან ურთიერთობები არის სტრატეგიული. ჩვენ გვაქვს სერიოზული მხარდაჭერა ესტონეთის მხრიდან ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში.” (სტილი დაცულია)

ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში დახმარებასთან ერთად ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა ჩაერთოს საქართველოში არსებული გაყინული კონფლიქტების მოგვარების პროცესშიც, თუკი, ურმას პაეტის განცხადებით, რუსეთის სამშვიდობო ძალები საერთაშორისო მისიამ უნდა შეცვალოს:

[ურმას პაეტის ხმა] ”სიტუაცია კავკასიაში და, რა თქმა უნდა, საქართველოში ჩვენთვის პრიორიტეტულია. და თუ დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ფორმატის შეცვლასთან დაკავშირებით, მე ვერც კი წარმომიდგენია, რომ ესტონეთმა არ მიიღოს მონაწილეობა და არ ჩაერთოს მასში, რა თქმა უნდა, თუ სამშვიდობო ფორმატი შეიცვლება.”

საქართველოსა და ესტონეთს შორის პოლიტიკური თუ ეკონომიკური თანამშრომლობა რომ ახალ ეტაპზე გადავიდა, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ 18 დეკემბერს საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის საელჩო გაიხსნა და საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო გადასახადი.