ყოველკვირეული რადიოჟურნალი

წამყვანი: დავით კაკაბაძე, პრაღა 681-ე გამოშვება

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის უახლესი ისტორიის ერთი ფურცელი

დავით კაკაბაძე:
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორია მარტივი არასდროს ყოფილა - დიდი მოლოდინი და ოპტიმიზმი საუკენეთა მანძილზე არაერთხელ შეუცვლია იმედგაცრუებასა თუ დაპირისპირებას. ამჯერად არ ვაპირებთ თქვენთვის შორეული ისტორიული წარსულის შეხსენებას - თამარ ჩიქოვანი გესაუბრებათ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის უახლესი ისტორიის ერთ ფურცელზე; კერძოდ, საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების მიერ ხელმოწერილ ე.წ. "ჩარჩო-ხელშეკრულებაზე", რომელიც ვერ იქცა ორი ქვეყნის ურთიერთობის განმტკიცების საფუძვლად.

თამარ ჩიქოვანი:
1994 წლის თებერვლის დასაწყისში თბილისში მაღალი დონის სტუმარს ელოდნენ - რუსეთის პრეზიდენტის ბორის ელცინის საქართველოში ოფიციალური ვიზიტისას დაგეგმილი იყო რუსეთ-საქართველოს შორის ე.წ. ჩარჩო ხელშეკრულების ხელმოწერა, რომელსაც ქართული მხარე პრინციპულ მნიშვნელობას ანიჭებდა - ხელშეკრულებით, მხარეები კიდევ ერთხელ აღიარებდნენ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის ურყეობას და კეთილმეზობლობის აუცილებლობას ადასტურებდნენ.

ხელშეკრულებას ხელი რუსეთის და საქართველოს მაშინდელმა პირველმა პირებმა - ბორის ელცინმა და ედუარდ შევარდნაძემ მოაწერეს ხელი. იმ მოვლენებს ესწრებოდა ირაკლი მენაღარიშვილი, მაშინ - მთავრობის ვიცე-პრემიერი, დღეს - საქართველოს სტრატეგიული კვლევების ცენტრის დირექტორი:

[ირაკლი მენაღარიშვილის ხმა] "ეს იყო არა მარტო ბორის ელცინის, არამედ საერთოდ რუსეთის პრეზიდენტის პირველი და უკანასკნელი ვიზიტი საქართველოში. რამდენად სამწუხარო არ უნდა იყოს, საქართველოს და რუსეთის პრეზიდენტებმა ვარდების რევოლუციამდე სულ თითოჯერ გავცალეს ვიზიტები, რაც უკვე, გარკვეულწილად მეტყველებს ქვეყნებს შორის ურთიერთობების - რბილად რომ ვთქვათ, სპეციფიულ ფორმებზე. მეზობელ ქვეყნებს შორის, ეს ასე არ ხდება."

მეზობელ ქვეყნებს შორის ბევრი რამ ისე არ ხდება, როგორც ეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებისას ხდებოდა და ხდება. მაგალითად ისევ და ისევ რუსეთ-საქართველოს ე.წ. "ჩარჩო-ხელშეკრულების" ბედი გამოდგება - საქართველოს პარლამენტმა ხელშეკრულებას რატიფიკაცია გაუკეთა. რუსეთის დუმას კი ხელშეკრულების რატიფიცირების საკითხი დღის წესრიგშიც არ შეუტანია. ირაკლი მენაღარიშვილის განმარტებით, ამით რუსეთის ხელისუფლება ოფიციალურ თბილისზე გავლენის მოხდენას ცდილობდა:

[ირაკლი მენაღარიშვილის ხმა ] "ის, რაც შემდეგ დაემართა ამ ხელშეკრულებას, იყო წმინდა პოლიტიკური ჟესტი - ეს დოკუმენტი რატიფიკაციისთვის არც კი შეუტანიათ. თქვენ გახსოვთ - დიდი ხანი აჯანჯლებდა რუსეთი რუსეთ-უკრაინის ხელშეკრულების რატიფიკაციას და როცა ამ ხელშეკრულების რატიფიცირება მოხდა დუმაში, გაჩნდა იმედი და, მათ შორის, ინფორმაციას ნახევრადოფიციალური, რომ შეიძლებოდა დაწყებულიყო პროფესი საქართველო-რუსეთის შეთანხმების რატიფიკაციისა. მაგრამ, როგორც უკრაინის, ისე საქართველოს შემთხვევაში ეს წმინდა წყლის პოლიტიკური თემა გახლდათ. ამით რუსეთის ხელისუფლება დაწოლას ახდებდა საქართველოს ხელისუფლებაზე და დემონსტრირებას ახდენდა იმისა, რომ - აი, ჩვენ ხელშეკრულების რატიფიცირებას არ ვახდენთ იმიტომ, რომ საქართველო არ თანხმდება მთელ რიგ მოთხოვნებზე."

[ჟურნალისტის ხმა] "რა მოთხოვნებზე იყო ლაპარაკი?"

[ირაკლი მენაღარიშვილის ხმა] "ძირითადად ეს ეხებოდა უკვე საქართველოს საგარეო ორიენტაციას, დაწყებულს ჩვენს ურთიერთობით მათტან სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ საქარტველომ 1995 წელს ხელი მოაწერა ბაზების ხელშეკრულებას, მაგრამ იქვე დაუდო ორი პირობა, რომელიც თვით დოკუმენტს ახლდა ხელმოწერის მომენტში და რომლებითაც იყო განპირობებული მისი რატიფიცირება საქართველოს პარლამენტის მიერ. არც ერთი შეთანხმებათაგანი რუსეთის მიერ არ შესრულებულა - ეს იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში ხელშეწყობა და რუსეთის მიერ საქართველოს შეარაღებული ძალების მშენებლობაში დახმარება."

1999 წელს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული რუსეთის სამხედრო ბაზების საკითხი სხვაგვარად გაირკვა - 1999 წლის სტამბოლის ხელშეკრულების ხელმოწერით, რუსეთმა ვალდებულება აიღო, სამხედრო ბაზები დათქმულ ვადებში საქართველოს ტერიტორიიდან გაეყვანა. საქართველოს აღარც რუსეთის დამხარება სჭირდებოდა შეიარაღებული ძალების მშენებლობის საქმები - საქართველო აქტიურად ჩაერთო ნატოს პროგრამაში სახელწოდებით ”პარტნიორობა მშვიდობისათვის”. 2001 წელს საქართველოს მხარე ახალი ინიციატივით გამოვიდა და რუსეთს ე.წ. ”ჩარჩო-ხელშეკრულების” ახალ პრეოქტზე მუშაობის დაწყება შესთავაზა. შეიქმნა სამუშაო ჯგუფიც - რუსეთის მხრიდან მას რუსეთის დუმის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე ბორის პასტუხოვი ხელმძღვანელობდა, ქართული მხრიდან - საქართველოს მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი. პროექტი მომზადდა, თუმცა, რამდენიმე მუხლი კვლავ შეუთანხმებელი დარჩა. კერძოდ:

[ირაკლი მენაღარიშვილის ხმა ] "პროექტი, რომელიც გადმოსცა რუსეთის მხარემ საქართველოს, შეიცავდა ერთერთ ასეთ პუნქტსაც, რასადც ქართული მხარე იღებდა ვალდებულეაბს, თავის ტერიტორიაზე არ დაეშვა მესამე მხარის სამხედრო კონტიგენტი ან შეიარაღება იმ შემთხვევაში, თუ ეს რუსეთის შეშფოთების საგანი გახდებოდა. ანუ, რუსეთი, აფქტიურად, იღებდა ამ პუნქტის მიღების შემთხვევაში ვეტოს უფლებას საქართველოს თანამშრომლობაზე მესამე ქვეყნებთან სამხედრო და სამხედრო ტექნიკურ სფეროში. ეს მიუღებელი პუნქტი იყო და მაშინვე იყო უარყოფილი."

დღეს რუსეთ-საქართველოს ე.წ. "ჩარჩო-ხელშეკრულებაზე" საუბარი საერთოდ მოიხსნა დღის წესრიგიდან. ისე, ექსპერტების განმარტებით, ამგვარი ხელშეკრულების აუცილებლობა, საერთაშორისო სამართლით, არც არსებობს.

აბანოთუბნის გათხრების სენსაციური შედეგები

დავით კაკაბაძე:
ამ რამდენიმე თვის წინ, "მეათე სტუდიის" ერთ-ერთ რეპორტაჟში, ვიუწყებოდით აბანოთუბანში, წმინდა ორმოც მოწამეთა ეკლესიის ტერიტორიაზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრებისა და ამ გათხრების შედეგების მნიშვნელობის შესახებ. ეთერში ამ რეპორტაჟის გასვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ ექსპერტები უკვე მიკვლეულ სენსაციურ მასალაზე საუბრობენ და დაბეჯითებით აცხადებენ, რომ არქეოლოგიური გათხრების შედეგების საფუძველზე თბილისის ასაკი საგრძნობლად გაიზრდება. ამ ყველაფერზე უფრო დაწვრილებით ისაუბრებს რადიო "თავისუფლების" თბილისელი კორესპონდენტი ალექსანდრე ელისაშვილი, რომელიც ახლახან ისევ ეწვია არქეოლოგიურ პოლიგონს.

ალექსანდრე ელისაშვილი:
აბანოთუბნის დასაწყისში, სამღებროსა და ბოტანიკურის ქუჩების კუთხეში არქეოლოგიური გათხრები უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. მუდმივი უსახსრობის და ათასი წინაღობის მიუხედავად არქეოლოგთა ჯგუფი მერაბ ძნელაძის ხელმძღვანელობით მაინც შეუპოვრად განაგრძობდა იმ ადგილის კვლევას, სადაც ერთ დროს წმინდა ორმოც მოწამეთა ეკლესია იდგა და რომელიც მოგვიანებით ბოლშევიკებმა საზოგადოებრივ ტუალეტად გადააქციეს. რამდენიმე ათეული კვადრატული მეტრის ფართობის მიწის მონაკვეთზე თითოეული გამოკვლეული მეტრი მიწა თბილისის ისტორიის საინტერესო და უცნობ ფურცლებს აცოცხლებდა, ტუმცა წლების მანძილზე არქოლოგები ჩვეული თავდაჭერილობით აკეთებდნენ სენსაციის ტოლფასი აღმოჩენების მნიშვნელობაზე კომენტარებს. სულ ახლახანს მუდმივად შეჭირვებით და ძირითადად მწყალობელი მეცენატების თანხებით მიმდინარე გათხრებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაინტერესდა. პრეზიდენტის ფონდიდან გამოყოფილი თანხით საქმე ენერგიულად წავიდა წინ და შედეგმაც არ დააყოვნა: ის რასაც არქეოლოგები ეჭვობდნენ დადასტურდა. კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ნიკა ვაჩეიშვილი უკვე თამამად ასახელებს აბანოთუბნის ერთი მონაკვეთის გამოვლენილ შედეგებს:

[ნიკა ვაჩეიშვილის ხმა] ”ეს არის რაც მთავარია ვახტანგ გორგასლამდე ქალაქის ისტორიის მძლავრი ფურცელი, მოგაგონებთ პირდაპირ რომაულ ქალაქებს, თავისი მოგებული იატაკებით, თავისი თერმებით, ძალიან უხვი არქიტექტურული და არქეოლოგიური მასალით და ვფიქრობთ, რომ ეს უნდა იყოს ძველი თბილისის ერთ-ერთი ისეთი საჩვენებელი ტურისტული ადგილი სამომავლოდ.”

უმთავრესი სენსაცია კი თბილისის, როგორც ქალაქის, ასაკს უკავშირდება. როგორც ცნობილია, მეცნიერთა მიერ დამტკიცებული იყო, რომ ქალაქი თბილისი სულ მცირე 1700 წლისაა. ახლა ამ გათხრების შედეგებით ქალაქის ასაკი მნიშვნელოვნად იზრდება:

[ნიკა ვაჩეიშვილის ხმა] ”ხუთი საუკუნით მაინც აძველებს ერთმნიშვნელოვნად თბილისის დაარსებიდან მოყოლებული ქვემოთ, მაგრამ მუშაობა გამოაჩენს მაინც ზუსტ ფენებს, ზუსტ ქრონოლოგიას რაზეც შეიძლება შემდეგ დაძვალებული თბილისის შესახებ მეცნიერული დასკვნების გაკეთება.”

ზუსტი მეცნიერული დასკვნის გაკეთებას კი ბუნებრივია მეტი კვლევა სჭირდება, მეტ კვლევას კი მეტი მხარდაჭერა, მათ შორის მატერიალური მხარდაჭერა. კულტურის მინისტრის მოადგილე ნიკა ვაჩიშვილი დარწმუნებულია, რომ სახელმწიფოს მხრიდან არქეოლოგიური კვლევა მხოლოდ ერთჯერადი არ იქნება და საქართველოს დედაქალაქის წარსულის ამ უმნიშვნელოვანესი კვლევის დაფინანსების პრობლემა არ იქნება:

[ნიკა ვაჩეიშვილის ხმა] ”პარალელურად შენარჩუნებისა და ვიზუალიცაზიის პროექტის შედგენის გვერდით ვფიქრობთ, რომ თანხები ისევ გამოჩნდება, რომ აუცილებელი რაც არის გათხრების პარალელურად ყველაფერი დაფინანსდება.”

ამ დაპირების იმედად არიან არქეოლოგები, რომლებმაც ამ გათხრების წარმოებას უდიდესი ენერგია მოახმარეს. არსებული პროექტის თანახმად სწორედ იქ, სადაც ახლა ჯერ კიდევ არქეოლოგიური პოლიგონია სულ მალე ტურისტული ცენტრი მოეწყობა, სადაც ნებისმიერი ადამიანის წინაშე, მათ შორის უცხოელ ტურისტის წინაშეც ღია ცის ქვეშ საქართველოს დედაქალაქის ისტორიის ხელშესახები სახელმძღვანელო გადაიშლება.

უცხოელები ქართულს სწავლობენ...

დავით კაკაბაძე:
სულ ახლახან წიგნის ბაზარზე ერთი ახალი გამოცემა გამოჩნდა. წიგნს "ბილიკი" ჰქვია. წინასიტყვაობაში ვკითხულობთ: "ქართული ენა ინგლისურენოვანთათვის" წარმოადგენს სახელმძღვანელოს ქართული ენით დაინტერესებულ ინგლისურენოვან უცხოელთათვის." გამომცემლები აღნიშნავენ, რომ ამ წიგნით ყველა დაინტერესებულ უცხოელს მიეცემა შესაძლებლობა, არა მხოლოდ ქართული ისწავლოს, არამედ, გაეცნოს ქართულ კულტურას, ჩვეულებებს, ქართველთა ხედვას და ცხოვრებას. ამ სახელმძღვანელოზე და იმაზე, თუ რატომ უნდა უცხო ქვეყნიდან საქართველოში ჩასულ ადამიანს ქართულად ლაპარაკი, მარინა ვაშაყმაძე გიამბობთ.

მარინა ვაშაყმაძე:
ამერიკელი ჟურნალისტი, "უოლ სტრიტ ჯორნალის" კორესპონდენტი ბობ ორტეგა ორი წელიწადი ცხოვრობდა თბილისში. ბობი ქართულს სწავლობდა და თუმცა ყველა, მის გარშემო, ცდილობდა ინგლისურად ესაუბრა მასთან, ის დაჟინებით მოითხოვდა ქართულად მელაპარაკეთო. ენა მაინცა და მაინც კარგად არ იცოდა. ამაზე წუხდა და სულ ითხოვდა, ისეთი სახელმძღვანელო მომიძებნეთ, რომ მოხმარებაში იოლი იყოს - აი, ისეთი, ვთქვათ, ინგლისურის თანამედროვე სახელმძღვანელოები რომ არისო. წერილებში დღემდე ჩივის, ქართული დამავიწყდაო.

რიტორიკული იქნებოდა, მაგრამ მაინც სასიამოვნო მისთვის ასეთი შეკითხვის დასმა: რატომ მოინდომა ასე ძალიან ქართულის სწავლა. ბობი წავიდა, ჯონ ჰენსენი კი თბილისშია, ამერიკის განვითარების სააგენტოს, კავკასიის მისიის ენერგეტიკის ოფისის დირექტორია. ამ შეკითხვაზე ჯონი ასე პასუხობს:

[ჯონ ჰენსენის ხმა] "რატომაც არა, მე საქართველოში ვარ და ოთხი წელი აქ ვიქნები. და მე მგონი ეს კარგია. თუ ვმუშაობ ქვეყანაში მინდა ვლაპარაკონბდე ამ ქვეყნის ენაზე." (სტილი დაცულია)

ჯონ ჰენსენს სახელმძღვანელო აქვს, და ისეთი როგორიც ძალიან მოსწონს. ამ სახელმძღვანელოს ბილიკი ჰქვია და მისი ავტორი ლინგვისტი ნანა შავთვალაძეა.

[ჯონ ჰენსენის ხმა] "საქართველოში ჩამოსვლამდე არაფერი ვიცოდი ამ ქვეყნის შესახებ. ვიცოდი მხოლოდ სხვა თანამშრომლებისგან ქართული ენა ძალიან რთულია. ნანას სისტემური ინტერაქტიული მეთოდით კი იოლია. ვფიქრობ რომ გაამართლა და ეს მეთოდი მუშაობს დავალების შესრულების გარეშე, იმიტომ რომ, როგორც მე და ჩვენ, ყველანი, ძალიან დაკავებულები ვართ", - ამბობს ჯონი.

უვე რამდენი წელია ნანა უცხოელებს ქართულს ასწავლის და მისი მხარდამჭერნიც და ამ იდეის სულის ჩამდგმელნიც მისივე მოწაფეები არიან. ნანა ამბობს რომ ყოველი ახალი თავის შექმნა ახალ მოწაფეს უკავშირდება...

[ნანა შავთვალაძის ხმა] "გავიხსენებდი ტომას ბოდინს, რომელმაც ძალიან დიდი მუშაობა ჩაატარა, როგორც მოხალისემ ძალიან დიდი შრომა გასწია. აგრეთვე ანდრია დიქსონი, დან კენი, რომლის დამსახურებაა ნამდვილად რომ შეიქმნა ეს წიგნი და მაგალითად, გაკვეთილი მეოცე მას და მის ცოლს ეძღვნება, როდესაც დაიკარგნენ ბაკურიანში და მართლა ვერ მოახერხეს გზის გაკვლევა." (სტილი დაცულია)

დენა კენიც ამერიკის განვითარების სააგენტოს კავკასიის მისიაში მუშაობს. ძალიან ამაყობს და უხარია, რომ მისი და მისი მეუღლის ამბავი წიგნში შევიდა. სახელმძღვანელოს შლის და მის შესახებ დაწერილი მეოცე კარის ტექსტს კითხულობს.

[დენა კენის ხმა] "დენა თავისი ოჯახით ბაკურიანში წავიდა. მას ქმარი და ერთი ქალიშვილი ჰყავს..." (სტილი დაცულია)

შემდეგ კი დიდი სიამოვნებით იწყებს წიგნზე საუბარს:

[დენა კენის ხმა] "მე ბედნიერი ვარ, რადგან თქვენთან ვისაუბრებ ჩემი ქართულის სწავლის გამოცდილების შესახებ." (სტილი დაცულია)

ეს სახელმძღვანელო ცარიელ ადგილზე არ შექმნილა. ეუთოს ექსპერტი ქართული ენის შესწავლის საკითხებში ნინო შარაშენიძე განმარტავს:

[ნინო შარაშენიძის ხმა] "არსებობს რამდენიმე სახელმძღვანელო, ვერ ვიტყვით, რომ ეს სახელმძღვანელო არის პირველი. მაგრამ არის მნიშვნელოვანი სწორედ იმით, რომ არის მარტივი და ძალიან ადვილი მისასვლელი მიზანთან. ქართული ენის რთული ბუნება, თავისთავად განსაზღვრავს იმის აუცილებლობას, რომ შეიქმნას სახელმძღვანელო რაც მისაღები იქნება სხვა ერის წარმომადგენლისათვის. ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, რომ ენის სირთულის გამო ყოვნდება ენის შემსწავლელი. ეს შეიძლება პროცესს შეეხოს და შეიძლება სურვილსაც." (სტილი დაცულია)

ამას უცხოელებიც ადასტურებენ. დენა კენი ამბობს რომ:

[დენა კენის ხმა] "სტუდენტები რომლებიც ქართულს სწავლობდნენ, ვერ იყენებდნენ, იმიტომ რომ სტუდენტებს სჭირდებოდათ სხვა მეთოდი ვიდრე მშრალი ლინგვისტიკაა." (სტილი დაცულია)

სახელმძღვანელო ინგლისური ენის ნებისმიერ მცოდნეს აძლევს შესაძლებლობას იგი ქართულის შესაწავლად გამოიყენოს
წიგნის გამომცემელი ენის სკოლაა თბილისის წიგნის მაღაზიების გარდა სახელმძღვანელო სასტუმრო კორტიარდ მარიოტშიც იყიდება. სასტუმროს თანამშრომელი თიკო გვეუბნება:

[თიკოს ხმა] "მოვიდა ქალი...…ჩვენი სტუმარი არ იყო, უბრალოდ იყო შემოსული. და მოეწონა ეს წიგნი. თქვა, რომ ძალიან იშვიათად ვპოულიბ წიგნს, რომლითაც უცხოელს შეეძლება ქართულის სწავლაო. ძალიან მოეწონა. თავიდან ყოყმანობდა, მაგრამ ბოლოს მოეწონა და შეიძინა. თუ არ ვცდები ინგლისიდან იყო და ისიც მოეწონა, CD რომ მოყვება. ხარისხითაც ძალიან კარგია. ხიბლავთ, რა ფერადი რომ არის განმარტებები რომ მოყვება." (სტილი დაცულია)

ნანა შავთვალაძე ამბობს, რომ როცა წიგნზე მუშაობდა, იმასაც ითვალისცწინებდა, რომ უცხოელს საქართველოს შესახებ გარკვეული ინფორმაციის მიღება უნდა შეძლებოდა:

[ნანა შავთვალაძის ხმა] "ყველა ტექსტში თუ ყველა დიალოგში გათვალისწინებულია ჩვენი ცხოვრების სტილი. ქართველთა ხედვა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. რა გვიხარია, რა მოგვწონს." (სტილი დაცულია)

მათ კი მოსწონთ, როცა ქართულად ლაპარაკობენ და უპირველესად სწორედ ენის ცოდნა აძლევთ საშუალებას უკეთ გაიცნონ ქვეყანა და ხალხი. გასულ ზაფხულს ჯონს სტუმრად ძმა ეწვია ამერიკიდან და ჯონმა იგი სვანეთში დაპატიჟა სამოგზაუროდ.

[ჯონ ჰენსის ხმა] "ერთი მეგობარი იყო მგზავრობაში და კარგად ლაპარაკობს რუსულად. მაგრამ სვანეთში არ შეუძლია კომუნიკაცია. ჩემი ქართული იყო ჩვენი მეთოდი კომუნიკაციისთვის და გამოგვდიოდა. ყველა ადამიანი ძალიან საინტერესო და სასიამოვნო იყო." (სტილი დაცულია)

რა მოსწონს დენას:
[დენა კენის ხმა] "მე მომწონს ქართული სიმღერა და ქართველები, ბევრი ქართველი მეგობარი მყავს. და როცა მე მათ სახლში მივდივარ, ყოველთვის ვლაპარაკობ ქართულად, რა თქმა უნდა."

რატომ უნდა გვიხაროდეს როცა უცხოელი ქართულად ლაპარაკობს?

რატომაც არა, როგორც ჯონ ჰენსენი იტყოდა. ფრანგებსაც უხარიათ როცა პარიზში ფრანგულად ესაუბრები. მათ კი ნამდვილად არ აწუხებთ პატარა ერის კომპლექსი. ეს უბრალოდ ბილიკია, მეტი არაფერი... ერთმანეთისკენ სავალი პატარა ბილიკი. სიხარულს კი ურთიერთობა განიჭებს.

"კარი პირველი, დიალოგი:
- გამარჯობა ლევან !
- გამარჯობა ჯონ !"
ეს არის და ეს...

"მაიკროსოფტის" ახალი რევოლუციური პროგრამა

ბოლოს კი მოგითხრობთ "მაიკროსოფტის" ახალ, "რევოლუციურად" მონათლულ საოპერაციო სისტემა "ვისტაზე"

დავით კაკაბაძე:
ალბათ არც კი ღირს იმის შეხსენება, რომ კომპიუტერი თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ატრიბუტია. ბუნებრივია, ყოველი მნიშვნელოვანი სიახლე არა მხოლოდ კომპიუტერის უშუალო მომხმარებელზე, არამედ მთელ ჩვენს საზოგადოებაზე ახდენს გავლენას.
კომპიუტერის სოფტვერის სფეროში მსოფლიოს წამყვანმა კომპანია “მაიკროსოფტმა” ამ კვირაში მოაწყო თავისი ახალი საოპერაციო სისტემის, Windows Vista-ს პრეზენტაცია. კომპანია აცხადებს, რომ კომპიუტერის მომხმარებლებისთვის Vista-ს ისეთივე ეპოქალური მნიშვნელობა აქვს, როგორიც Windows 95-ს ჰქონდა 12 წლის წინათ. მეორე მხრივ, “მაიკროსოფტს” ახალი სოფტვერი ბაზარზე გამოაქვს მაშინ, როცა კომპანიის უპრეცედენტო დომინირებას საფრთხეს უქმნის ინტერნეტი, როგორც კომპიუტერული პროგრამების უფასო ალტერნატივა.
თუ რას ნიშნავს ახალი პროდუქტის გამოჩენა, ამის შესახებ ბიძინა რამიშვილი მოგითხრობთ.

[Vista-ს მელოდია]

ბიძინა რამიშვილი:
30 იანვარს 70 ქვეყანაში ათასობით კომპიუტერზე პირველად გაისმა ეს ბგერები - ახალი საოპერაციო სისტემის დიდი ხნის ნანატრი მელოდია. Windows Vista მიზნად ისახავს ციფრული მედიის უკეთ მართვას და ინტერნეტის მომხმარებელთა დაცვას ისეთი საფრთხისგან, როგორიცაა, მაგალითად, ვირუსები.

პროგრამის პრეზენტაცია ერთობ ხმაურიანად მოეწყო. "მაიკროსოფტმა" მარკეტინგის აგრესიული კამპანია ჩაატარა. მათ შორის იყო როკ კონცერტები ნიუ იორკში და გრანდიოზული შოუ ლონდონში, სადაც შერლოკ ჰოლმსმა შეამოწმა ახალი პროდუქტის გაუმჯობესებული უსაფრთხოება.

ორშაბათს ნიუ იორკში გამოსვლისას მაიკროსოფტის ერთ-ერთმა დამაარსებელმა და მისმა ხელმძღვანელმა, ბილ გეიტსმა ახალი საოპერაციო სისტემის თვისებებზე ისაუბრა.

[გეიტსის ხმა] “ყველაფერი ციფრული ხდება. პლატფორმა, რომელიც ხალხს შემოქმედებითობისკენ უბიძგებს და საშუალებას აძლევს, შექმნან ახალი აპლიკაციები და ჰარდვერის ახალი მიღწევები გამოიყენონ. როგორც Windows 95-ს ჰქონდა საკვანძო მნიშვნელობა თავის ეპოქაში, ასევე Windows Vista-ს აქვს საკვანძო მნიშვნელობა დღეს.”

მსოფლიოში კომპიუტერების 95 პროცენტზე მეტი Windows-ზე მუშაობს. ახალი პროგრამა, რომელზე მუშაობის დასრულებას უკვე დიდი ხანია მოელის მსოფლიო, "მაიკროსოფტის" პირველი ახალი საოპერაციო სისტემაა მას მერე, რაც კომპანიამ 2001 წელს გამოუშვა Windows XP, რომელსაც ძალიან ხშირად აკრიტიკებენ.

Vista-ს გამოშვების დაწყება მრავალჯერ გადაიდო, რათა გაეუმჯობესებინათ უსაფრთხოება. მთლიანობაში მის შექმნას ხუთი წელი და 6 მილიარდი დოლარი მოხმარდა.

2006 წლის ნოემბერში ბევრად უფრო მშვიდ გარემოში მოეწყო ამ პროგრამის ბიზნესისთვის განკუთვნილი ვარიანტის პრეზენტაცია, რათა სპეციალისტებს საკმარისი დრო ჰქონოდათ ამ ხნის მანძილზე აღმოჩენილი შესაძლო ხარვეზების გასწორებისთვის.

რა სიახლეებს უმზადებს Windows Vista რიგით მომხმარებელს? მოუსმინეთ პარლამენტარ ლევან ბერძენიშვილს, რომელიც კარგად იცნობს ამ პროგრამას:

[ბერძენიშვილის ხმა] იხ. აუდიოვერსია.

Vista-ს ყველაზე უფრო თვალში საცემი თავისებურებაა მისი ვიზუალური მხარე. მისი ინტერფეისი სამგანზომიელებიან გრაფიკას იყენებს გამჭვირვალე ფანჯრებისთვის, რომლებიც თითქოს დაცურავს ეკრანზე. რაც შეეხება ნაკლებად ხილულ სიახლეებს, როგორც უკვე ვახსენე, ესაა გაზრდილი უსაფრთხოება, საძიებო პანელები და ახალი მულტიმედიალური პლატფორმა ციფრული ვიდეოსთვის, მუსიკისა და სურათებისთვის.

მაგრამ სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ ეს ახალი ფუნქციები უზარმაზარ რესურსებს ნთქავს. თავად "მაიკროსოფტი" გვირჩევს, რომ ახალი საოპერაციო სისტემისთვის საჭიროა კომპიუტერს ჰქონდეს არანაკლებ 512 მეგაბაიტი მეხსიერება, 1-გიგაჰერციანი პროცესორი და 15 გიგაბაიტი თავისუფალი სივრცე ჰარდ დისკზე.

როგორც ამერიკელმა ექსპერტმა, რიჩარდ დოჰერთიმ გვითხრა, ძველ, უფრო სუსტ კომპიუტერებზე Vista ძალზე ნელა იმუშავებს:

[დოჰერთის ხმა] “მომხმარებლის გრაფიკული ინტერფეისი მართლაც მომხიბლავია. მაგრამ ამას თავისი ფასი აქვს. თუკი ახალთახალი კომპიუტერი გაქვთ, ალბათ დიდებულად იმუშავებს. მაგრამ თუკი ეცდებით, ეს დააყენოთ ორი-სამი წლით უფრო ძველ კომპიუტერზე, თქვენი კომპიუტერი შეიძლება წარმოუდგენლად შენელდეს. ისე, რომ სხვადასხვა რამის ძებნის პროცესში შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ კლავიატურაზე ბეჭდვა შენელდება და, საერთოდ, ყველაფერი შენელდება.”

წინასწარ ჩატარებული გამოკვლევები ნათელყოფს, რომ გამოსვლიდაy ერთი წლის განმავლობაში Vista ას მილიონზე მეტ კომპიუტერზე ამუშავდება მთელ მსოფლიოში.

ზემოთ უსაფრთხოება ვახსენეთ. ეს პროგრამა არა მხოლოდ კარგად არის დაცული გარედან ჩარევის წინააღმდეგ, არამედ ართულებს მეკობრულ წარმოებასაც. კვლავ ლევან ბერძენიშვილს მოუსმინეთ.

[ბერძენიშვილის ხმა] იხ. აუდიოვერსია

ვინაიდან მსოფლიოში არსებული კომპიუტერების მხოლოდ 15 პროცენტს შესწევს უნარი, გაუმკლავდეს Vista-ს, მომხმარებელთა დიდი ნაწილი თავშეკავებას იჩენს. მოსალოდნელია, რომ მოგვიანო პერიოდში, როცა ისინი ახალი კომპიუტერებით აღიჭურვებიან, სულ უფრო და უფრო ხშირად შეიძენენ ამ პროგრამას.

მომხმარებელთა თავშეკავებას ალბათ პროგრამის ფასიც განაპირობებს. მისი სხვადასხვა ვერსიები 100-დან 400 დოლარამდე ღირს. შესაძლოა სწორედ ამიტომ არ გაჩენილა მაღაზიების წინ მყიდველთა გრძელი რიგები.

მეორე ახსნა ისაა, რომ "მაიკროსოფტმა" თავისი არსებობის ისტორიაში პირველად გახადა შესაძლებელი საოპერაციო სისტემის ინტერნეტით მოპოვება.

კიდევ ერთი გარემოებაც უნდა გავითვალისწინოთ. Vista ბაზარზე გამოდის ეპოქაში, როცა პერსონალური კომპიუტერის მოხმარებაში დრამატული ცვლილებები შეინიშნება. გაჩნდა მრავალრიცხოვანი თავისუფალი საოპერაციო სისტემები, რომლებიც მოყვარულებმა შექმნეს, და რომლებიც იოლად ხელმისაწვდომია ინტერნეტის მეშვეობით. დღეს უკვე ეს საინტერნეტო სერვისი კისრულობს მრავალ იმ ფუნქციას, რაც წინათ მხოლოდ პერსონალურ კომპიუტერს ხელეწიფებოდა.

ასეთი ტენდენცია სულ უფრო მეტად უქმნის საფრთხეს სოფტვერის მრეწველობას. ბილ გეიტსმა თქვა, რომ მისი ახალი პროდუქტი ღიაა გაუმჯობესებისთვის.

[გეიტსის ხმა] “ეჭვგარეშეა, ეს პლატფორმა ინოვაციებისთვის არის განკუთვნილი. ჩვენ გავხსენით ის და უკვე ვნახეთ, რომ ჩვენი პარტნიორები დიდებულ რამეებს აკეთებენ.”

უნდა ითქვას, რომ Windows Vista-მ უკვე განიცადა ინოვაცია, მაგრამ არა ისეთი, როგორიც ბილ გეიტს გაახარებდა.

მაშინ, როცა მსოფლიო ამ პროგრამის რთულ დაბადებას ზეიმობდა, ჩინეთის ქუჩებში Vista-ს პირველი მეკობრული ეგზემპლარები გამოჩნდა. ფასი - ერთ დოლარზე ოდნავ მეტი.

დაბოლოს, რა სიახლეს შეიცავს ეს პროგრამა კონკრეტულად ქართველი მომხმარებლისთვის.

[ბერძენიშვილის ხმა] იხ. აუდიოვერსია