საქართველოს მთავრობამ 8 მსხვილი ენერგეტიკული ობიექტის პრივატიზება დაასრულა

5 თებერვალს საქართველოს მთავრობამ და ჩეხეთის კომპანია "ენერგო-პრომ" ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას,
რომლის ძალითაც, 8 მსხვილი ენერგოობიექტი ჩეხეთის კომპანიის საკუთრებაში გადავიდა.
ამიერიდან ჩეხეთის კომპანიას ეკუთვნის "საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია", "აჭარის სადისტრიბუციო ენერგოკომპანია" და 6 ჰიდროელექტროსადგური - "ლაჯანურჰესი", "რიონჰესი", "ძევრულჰესი" და სხვ. საქართველოში ამ გარიგებას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს - ზოგი ”ენერგო-პროს” რუსეთის ინტერესების გამტარებელ კომპანიას უწოდებს, ზოგი კი გადახდილი თანხის მოცულობით არის უკმაყოფილო.

ჩეხეთის კომპანია ”ენერგო-პროსთან” გაფორმებული ხელშეკრულებით საქართველოში ენერგოობიექტების პრივატიზაციის პროცესი დასრულდა. ორ სადისტრიბუციო კომპანიაში, რომელიც თითქმის მთელ საქართველოს ემსახურება, თბილისის გარდა, და 6 საშუალო ზომის ჰიდროელექტროსადგურში ”ენერგო-პრომ” 427 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა. აქედან სახელმწიფო ბიუჯეტში მხოლოდ 132 მილიონი დოლარი შევა, თანხის კიდევ ერთი ნაწილი პრივატიზებული ობიექტების ვალების გასტუმრებას მოხმარდება, მესამე ნაწილით კი ახალი ჰიდროელექტროსადგური აშენდება. ამ ფორმულას საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა ასეთი ახსნა მოუძებნა:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ”როდესაც ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკებები...”

ზურაბ ნოღაიდელის მთავრობის ასეთ მიდგომას ოპონენტები გამოუჩნდნენ, ძირითადად, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა სახით. მათ შორისაა რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილიც.

[დავით უსუფაშვილის ხმა] ”ასეთი ზარ-ზეიმით გამოცხადებული პრივატიზაცია...”

ოპოზიცია საქართველოს მთავრობას ”ენერგო-პროს” მეშვეობით ენერგოობიექტების რუსეთისთვის მიყიდვასაც აბრალებს.
საპარლამენტო ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტის” ერთ-ერთი ლიდერი, ზვიად ძიძიგური, აცხადებს, რომ “ენერგო-პროს” ერთ-ერთი მეწილე ვინმე პაატა მამალაძეა, რომელიც ”რუსეთის სახელმწიფო კომპანია ”რაო ეესის” ხელმძღვანელთან, ანატოლი ჩუბაისთან, მეგობრობსო.
ჩეხური ინვესტიცია რომ ნამდვილად ჩეხურია, ამაში საქართველოს პრემიერ- მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს ეჭვი არ ეპარება:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ”შეგიძლიათ შეამოწმოთ, ჩეხეთის ელჩი თუ ჩეხია და არა რუსი…”

ჩეხური ინვესტიციის რუსეთთან კავშირი ჩემთან ინტერვიუში ჩეხეთის რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ მარტინ ტლაპამაც უარყო:

[მარტინ ტლაპას ხმა] ”ეს ჩეხური კომპანიაა და ამ კომპანიას კაპიტალი აქვს ჩეხეთის რესპუბლიკიდან. და ეს პროექტი დაკავშირებულია ჩეხეთის ექსპორტ ბანკთან, რომელიც არის ჩეხური ინსტიტუცია ფინანსთა სამინისტროს ფარგლებში. ეს ჩეხური ინვესტიციაა.”

მისივე განცხადებით, ეს ევროკავშირის წევრი ქვეყნის ყველაზე დიდი ინვესტიციაა საქართველოს ეკონომიკაში. ჩეხური ინვესტიციით საქართველოს რეგიონების ელექტროსისტემის მომხმარებელთა ”გამრიცხველიანება” უნდა დამთავრდეს და ქსელიც უნდა მოწესრიგდეს. დღეიდან საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში რჩება მხოლოდ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები, რომელთა პრივატიზება არ არის დაგეგმილი მათი სტრატეგიული დანიშნულების გამო.