აზერბაიჯანმა და საქართველომ სახელმწიფო საზღვრის კიდევ ერთი მონაკვეთი შეათანხმეს

ხუთიოდე თვის წინ საქართველოში ცხარე დისკუსიის თემამ, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პრობლემამ,
თანდათან დაკარგა სიმწვავე, მიუხედავად იმისა, რომ კვლავაც შეუთანხმებელი რჩება საზღვრის მნიშვნელოვანი მონაკვეთი - მათ შორის, დისკუსიის მთავარი მიზეზი, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაც. 6-7 მარტს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის სხდომა გაიმართა, თუმცა მისი მსჯელობის მთავარი თემა დავით გარეჯის საკითხი არ ყოფილა. კომისიამ საზღვრის რამდენიმე მონაკვეთი შეათანხმა.

ორი მეგობარი ქვეყანა და სტრატეგიული მოკავშირე - საქართველო და აზერბაიჯანი - სახელმწიფო საზღვრის განსაზღვრისას, ძირითადად, საბჭოთა კავშირის დროს ჩამოყალიბებულ რეალობას ეყრდნობა. ეს რეალობა კი იმდენად ხშირად იცვლებოდა, რომ მეგობრებს და სტრატეგიულ მოკავშირეებს დღემდე უჭირთ საზღვრის ყველა მონაკვეთის დადგენა. ერთი ასეთი მონაკვეთის შეთანხმება მხარეებმა 6-7 მარტს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია- დემარკაციის კომისიის სხდომაზე, შეძლეს. ამ შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი მანჯგალაძე წარმოადგენდა, აზერბაიჯანს კი - მისი კოლეგა ხალაფ ხალაფოვი. მოლაპარაკებათა შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესატაშე ხაზარ იბრაჰიმი გვესაუბრება:

[ხაზარ იბრაჰიმის ხმა] ”მოლაპარაკებები 2 დღეს გაგრძელდა. შედეგების შესახებ ხელმოწერილი იქნა ოქმი. მოლაპარაკებებმა ჩაიარა ძალიან კონსტრუქციულად. შეთანხმებული იქნა ერთი მონაკვეთი. და ასევე მოილაპარაკეს, რომ ექსპერტები იმუშავებენ სხვა მონაკვეთებზე და მას შემდეგ, რაც ექსპერტები მოამზადებენ ამ საკითხებს, კომისიის შემდგომი სხდომა გაიმართება თბილისში.”

აზერბაიჯანელ დიპლომატს არ დაუკონკრეტებია, რომელ მონაკვეთზე შეთანხმდნენ მხარეები. საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან, რომ ეს არის აღსტაფის რაიონი.

კვლავ გადასაწყვეტია საზღვრის 12 მონაკვეთის ბედი. ამჟამად შეთანხმებულია საზღვრის 70 პროცენტი. მათ შორის არ არის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ერთი ნაწილი, რომელიც, საბჭოთა რუკების მიხედვით, აზერბაიჯანს ეკუთვნის.

შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ორად გაყოფა დამსახურებაა სერგო ორჯონიკიძისა, რომელმაც 1928 წელს დავით გარეჯის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი აზერბაიჯანს აჩუქა და საქართველოს საზღვარი 40 კილომეტრით შიგნით გადმოსწია. ბოლო დრომდე გამართულ მოლაპარაკებებზე აზერბაიჯანულ მხარეს 40 კილომეტრით უკან დახევის სურვილი არ გასჩენია. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხალაფ ხალაფოვის პოზიციას შეგახსენებთ:

[ხალაფ ხალაფოვის ხმა] ”საკითხის არსი იმაშია, რომ სადაც გადის სახელმწიფო საზღვარი, ზუსტად იქ გადის. რაც შეეხება რაღაც საკითხებს და ასე შემდეგ, მათ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობათა ჩარჩოებში განვიხილავთ და ვაგვარებთ.”

ასეთი პრინციპულობის გამო ქართული მხარე იძულებული გახდა აზერბაიჯანისთვის საზღვრის დელიმიტაციის კომპრომისული ვარიანტი შეეთავაზებინა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა ჯერ კიდევ 5 თვის წინ განაცხადა, შესაძლოა, საერთაშორისო პრაქტიკით ვიხელმძღვანელოთ და, საქართველოს ტერიტორიაზე შეუთანხმებელი მონაკვეთების დაბრუნების მიზნით, გარკვეული ტერიტორიები ურთიერთკომპრომისების ხარჯზე გაიცვალოსო.

ჯერჯერობით ამ შეთავაზებაზე აზერბაიჯანული მხარის ოფიციალური პასუხი უცნობია. ბაქოში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ექსპერტების კონსულტაციები ზაფხულამდე გაგრძელდება და ამ კონსულტაციებზე განიხილება დავით გარეჯის ტერიტორიის კუთვნილების საკითხიც.