რუსეთის პრესის მიმოხილვა

თამარ ჩიქოვანი, თბილისი რუსეთის პრესა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის მორიგი დაძაბვის პროგნოზს აკეთებს. ამის მიზეზად,
შესაძლოა, იქცეს 7 აგვისტოს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსეთის დადანაშაულება საქართველოს ტერიტორიის დაბომბვაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცეს. გაგაცნობთ რამდენიმე პუბლიკაციას საქართველოს თემაზე.

”ძმური გრძნობების 700 კილოგრამი” - ასეთი სათაური აქვს 7 აგვისტოს ინტერნეტგამოცემა ”გაზეტას” პუბლიკაციას, რომელიც საქართველოს ტერიტორიის დაბომბვის ფაქტს ეხება. გამოცემა მკითხველს აუწყებს, რომ რუსეთის მხარე კატეგორიულად უარყოფს საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს თითქოსდა თბილისის მახლობლად 700 კილოგრამიანი ბომბის ჩამოგდების შესახებ. ”გაზეტას” მოჰყავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის სიტყვები - ”რუსეთის გამანადგურებლების მიერ საქართველოს ტერიტორიის დაბომბვა აგრესიის ფაქტია” - და შენიშნავს, რომ, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში ბოლო დროს დასადგურებული შედარებითი სიმშვიდის ფონზე, ეს ყველაზე მკვეთრ განცხადებად უნდა ჩაითვალოს.
” ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა საქართველო რუსეთს მისი ტერიტორიის დაბომბვაში სდებს ბრალს. ბოლოს ასეთი ბრალდება 2007 წლის 12 მარტს გაისმა - მაშინ ოფიციალურმა თბილისმა რუსეთს ”გრადით” კოდორის ხეობაში აფხაზეთის დევნილი უზენაესი საბჭოს შენობის დაბომბვაში დასდო ბრალი”, - წერს გამოცემა და დაასკვნის: ”ბოლო სკანდალმა, შესაძლოა, ორი სახელმწიფოს ურთიერთობას დიდი და უსიამოვნო პრობლემები შეუქმნას. როგორც ჩანს, ყველაფერი უახლოეს დღეებში რუსეთის ტერიტორიაზე დაგეგმილ ჩრდილოეთ და თვითაღიარებულ სამხრეთ ოსეთის მთავრობების გაერთიანებულ სხდომას უკავშირდება - ასეთი შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების გაღიზიანებას იწვევს ხოლმე.”
ინტერნეტგამოცემა ”სტრანასთან” საუბრისას რუსეთის გეოპოლიტიკური პრობლემების აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ლეონიდ ივაშოვმა განაცხადა, რომ:” სააკაშვილის პოლიტიკა გულისხმობს პროვოკაციული განცხადებებით და კონფლიქტური სიტუაციების შექმნით მუდმივად შეახსენოს ვაშინგტონსა და ნატოს ე.წ. რუსული საფრთხის შესახებ.” მისივე ვარაუდით, არსებობს კიდევ ერთი მიზეზი:”პრეზიდენტ სააკაშვილის ანტირუსული რიტორიკა სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს ხელისუფლის მცდელობა, ქვეყნის მოსახლეობის ყურადღება სოციალური პრობლემებიდან გამოგონილ მტრის ხატზე გადაიტანოს.”