ქართული პრესის მიმოხილვა

“რუსთავი ორისა” და “მზის” ეთერით გადაცემული ინფორმაცია შეიძლება სანდო არ იყოს, – წერს დღევანდელი “რეზონანსი”.
გაზეთის თქმით, ამ ტელევიზიებს ანონიმი მფლობელები ჰყავთ და, შესაბამისად, გაუგებარია, თუ ვინ აკონტროლებს მათ. გაზეთი ეყრდნობა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც “რუსთავი ორსა” და “მზეს” ოფშორულ ზონაში, მარშალის კუნძულებზე, დარეგისტრირებული კომპანია ფლობს. როგორც “რეზონანსს” იურისტმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუმარტა, ეს იმას ნიშნავს, რომ “კომპანია საკუთარ ვინაობას მალავს და რეგისტრაციისათვის დამატებით რამდენიმე ათასი დოლარის გადახდასაც არ ერიდება”. ჟურნალისტი ასკვნის: “დაფუძნებიდან დღემდე ვიცოდით იმის შესახებ, თუ ვინ იდგა “ტელეიმედის” უკან და შეგუებულიც ვიყავით იმ აზრს, რომ, შესაძლოა, რიგ შემთხვევებში, მას მფლობელის ინტერესები გაეთვალისწინებინა. მაგრამ დღემდე არ ვიცით, ვის ინტერესებს შეიძლება ატარებდნენ სხვა ტელეკომპანიები”, – წერია დღევანდელ “რეზონანსში”.
დღევანდელი “ალია” კი აქვეყნებს ისრაელიდან გამოგზავნილ წერილს, სადაც დაწვრილებითაა აღწერილი 15 დეკემბერს ისრაელის ქალაქ აშდოშში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია-კონცერტის მიმდინარეობა. “ალია” წერს, რომ, მართალია, “რუსთავი ორის” მტკიცებით, ღონისძიებამ ზარ-ზეიმით ჩაიარა, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი ასე არ მომხდარა. მკითხველის წერილში ნათქვამია, რომ შუა კონცერტის დროს “სცენაზე ავიდა და სიტყვა ითხოვა ერთ-ერთმა დამსწრემ. “ხალხო, ვის აძლევთ ხმას!” – წარმოთქვა და მიკროფონი გაითიშა”. ამის შემდეგ, წერილის ავტორის მტკიცებით, პროტესტის გამომთქმელს ფიზიკურად გაუსწორდნენ: “ურტყეს თავში საცოდავს. თრევა-თრევით ჩაათრიეს დარბაზის მეორე სართულიდან კიბეებზე, გარეთ გაიყვანეს და ურტყეს დაუნდობლად, პერანგიც შემოახიეს”. “ალიას” მტკიცებით, ამ ინფორმაციას ტელეკომპანია “არტივიაის” ეთერში გასული სიუჟეტიც ადასტურებს.

“24 საათი” კი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნინო ბურჯანაძისა და და მასმედიის წარმომადგენლების შეხვედრას აშუქებს. “აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება არ ნიშნავს ავტომატურად მოსკოვთან საომარ რეჟიმში გადასვლას”, – თქვა ნინო ბურჯამაძემ. – “მაგრამ საერთაშორისო ტრიბუნიდან აუცილებლად დავაყენებთ რუსეთის საოკუპაციო ჯარის გაყვანის მოთხოვნას და ნებისმიერ სახელმწიფოს ძალიან გაუჭირდება, რომ ქართველებს ამაზე უარი უთხრას”, – წერია დღევანდელ “24 საათში”.

“ახალი თაობა” კი აქვეყნებს ინტერვიუს იმერეთის ყოფილ გუბერნატორ თემურ შაშიაშვილთან. სტატიის სათაურია “იმას, ვინც საქართველოს 7 ნოემბერი აკადრა, არაფერი ეპატიება”. ინტერვიუში თემურ შაშიაშვილი საქართველოს ხელისუფლებას კორუმპირებულს უწოდებს და ამბობს: “როცა ესენი პოსტებიდან წავლენ, მთელი საქართველო ნახავს, რა კორუფციაში იყო ქვეყანა. სიცილიის მაფია იქნება მონაგონი.” ექს-გუბერნატორი განაგრძობს: “ჩვენი გაანგარიშებით, ბიუჯეტში 1 მილიარდი ლარი არის კორუფციული. არ არის ლაპარაკი იმ ფულზე, რომელიც ბიუჯეტში არ შედის.”