ოპოზიცია ეგზიტპოლს უნდობლობას წინასწარ უცხადებს

გაერთიანებული ოპოზიცია ხუთ იანვარს გამოქვეყნებულ ყველა ეგზიტპოლს წინასწარ უნდობლობას უცხადებს.
რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა თინა ხიდაშელმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ეგზიტპოლებს ატარებენ ადამიანები, რომლებიც აყალბებენ ისეთ ინფორმაციას, რომლის ნახვა და გაანალიზება მოქალაქეებს თავად შუძლიათ. მან დაამატა, რომ ეგზიტპოლებს წელს პირველად არ აფინანსებენ საერთაშორისო ორგანიზაციები. ვინ ატარებს ეგზიტპოლებს საქართველოში და როგორია მათი ჩატარების მეთოდოლოგია?

ეგზიტპოლი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გამოუყენებიათ არჩევნების გაყალბების მონიტორინგისათვის და დარღვევების თავიდან ასაცილებლად. სწორედ ეგზიტპოლების გამოქვეყნების შემდეგ დადგა ეჭვქვეშ უკრაინის 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნების, ვენესუელის 2004 წლის რეფერენდუმის ან, თუნდაც, საქართველოს პარლამენტის 2003 წლის არჩევნების ოფიციალური შედეგების სანდოობა. თუმცა საქართველოს 2008 წლის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისათის ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი თავად ეგზიტპოლების სანდოობას აყენებს ეჭვქვეშ.

ხუთი იანვრის არჩევნების დროს ეგზიტპოლებს სამი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ორგანიზაცია ჩაატარებს. ყველაზე მასშტაბურ გამოკითხვას ოთხი ორგანიზაციისაგან შემდგარი სამსახური აწარმოებს - ამ ეგზიტპოლის ორგანიზებაში ჩართულია საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის მშვიდობისა და განვითარების ინსტიტუტი და სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ცენტრი.

როგორც საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორმა ლევან ცუცქირიძემ სატელეფონო საუბრისას გვითხრა, ეგზიტპოლების დროს სულ 12 ათასი ადამიანი გამოიკითხება. გამოკითხვის ჩატარებაში რვაასამდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას:

[ლევან ცუცქირიძის ხმა] ”ექვსი ყველაზე მსხვილი სოციოლოგიური ჯგუფისგან დავიქირავეთ ყველა რესურსი, რომელიც ამას სჭირდებოდა, ყველაზე კომპეტენტური კადრები.”

ეგზიტპოლის ჩატარებისას ყველაზე მნიშვნელოვანი გამოკითხულთა სწორი შერჩევაა. თუ შერჩევა არასწორად მოხდა, მაშინ, რაგინდ ბევრი ადამიანი გამოიკითხოს, შედეგები სანდო მაინც ვერ იქნება. ლევან ცუცქირიძის თქმით, ცენტრს აქვს შერჩევის ძლიერი მეთოდოლოგია, რომლის გაცნობაც ყველა მსურველს შეუძლია. მან დაამატა, რომ ეგზიტპოლის სანდოობას მისი გამჭვირვალობაც ზრდის:

[ლევან ცუცქირიძის ხმა] ”მე თავიდანვე მოვუწოდე ყველას, რომ მოსულიყვნენ და გასცნობოდნენ, თუ როგორ გაკეთდება ეს ყველა ეტაპზე, რომელიც მათ დააინტერესებდათ. ახლაც კი, თუ ვინმეს ექნება ამის ინტერესი, ჩვენ შეგვიძლია მათ ყველა დეტალი გავაცნოთ, ავუხსნათ და, თუ სურვილი ექნებათ, თვალყური ადევნონ ეგზიტპოლის განხორციელების ყველა ეტაპს.”(სტილი დაცულია)

ამისდა მიუხედავად, ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების ზოგიერთი წარმომადგენელი მაინც არ არის დარწმუნებული, რომ ოთხი ორგანიზიციის ჩატარებული ეგზიტპოლი სანდო იქნება.

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ პრესის წარმომადგენლებთან ერთად გადაწყვიტა ეგზიტპოლი დამოუკიდებლად ჩაატარონ. ამ ორგანიზაციების წარმომადგენელმა, ნანა კაკაბაძემ, გვითხრა:

[ნანა კაკაბაძის ხმა] ”ვინაიდან გაჟღერდა, რომ ეს არის ცალსახად სახელისუფლებო, რომელიც დღეს ატარებს, ჩვენ ჩვენი რესურსებით შევეცადეთ, რომ დავაფიქსიროთ რეალური ეგზიტპოლური გამოკითხვა რას მოგვცემს და რამდენად იქნება განსხვავებული იმ ეგზიტპოლისგან, რომელსაც, ფაქტობრივად, ხელისუფლება ატარებს.”(სტილი დაცულია)

პრესისა და არასამთავრობო ორგანიზაციები ეგზიტპოლებს 200 უბანზე ჩაატარებენ. გამოკითხვაში 400 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.

ეგზიტპოლს ჩაატარებს აგრეთვე ევროპული ფონდი ”დიალოგი დემოკრატიის განვითარებისათვის”, რომელიც საქართველოში ტელეკომპანია ”იმედის” თხოვნით ჩამოვიდა. როგორც ამ ფონდის წარმომადგენელმა ივან შერსტიუკმა გვითხრა, ეგზიტპოლის ჩატარების მეთოდოლოგიაზე ის დღეს საღამოს გააკეთებს განცხადებას.

გამოკითხვის შედეგები არჩევნების დღეს, საღამოს 8 საათის შემდეგ, გამოქვეყნდება.