ეკონომიკური მიმოხილვა

საარჩევნო გარემომ ეკონომიკური აქტივობა ქვეყანაში კიდევ ერთხელ დასცა. ექსპერტები მორიგ საინვესტიციო დაცემას და რყევების გახშირებას პროგნოზირებენ.
თუ პოსტსაარჩევნო პროცესები დიდხანს გაგრძელდა და ქუჩის ფორმატში გადაინაცვლა, ქვეყნის ეკონომიკური არასტაბილურობა კიდევ უფრო ფართო მასშტაბების შეძენით იმუქრება.
ამ ეტაპზე მოსალოდნელი საფრთხე ნაწილობრივ უკვე რეალობად იქცა: საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო შტანდარდ & Pოორ’ს-მა საქართველოს რეიტინგი “პოზიტიურიდან” “სტაბილურამდე” დასწია და რეიტინგის კლების ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ მიზეზად რუსეთთან ურთიერთობის გაუარესების ტენდენციის მორიგი გააქტიურება დაასახელა.
საქართველოსთვის აქამდე მინიჭებულმა შეფასებებმა ჩვენი ქვეყანა, მიმზიდველობის თვალსაზრისით, უკრაინას, თურქეთს და სერბეთს გაუთანაბრა. დღეს კი ეს შეფასება უკვე დაკარგულია. ქვეყნის რეიტინგის კლება ასევე მყისიერად აისახა ქართული ბანკების საკრედიტო რეიტინგებზეც, რომელიც ქვეყნის სუვერენულ რეიტინგზე მაღალი ვერ იქნება. შესაბამისად, მათი პოზიციებიც გაუარესებულია.
საგულისხმოა, რომ უახლოეს ხანებში საქართველოს რეიტინგი მეორე ცნობილმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ – Fიტცჰ ღატინგს-მაც უნდა გადასინჯოს და ან წინა შეფასება დაადასტუროს, ან მისი მოტივირებული შეცვლა მოახდინოს. ამ ნაწილშიც საქართველოს ამჟამინდელი მდგომარეობა ვერ არის მთლად სახარბიელო, ვინაიდან, ჯერ ერთი, საერთაშორისო სააგენტოები დიდი ყურადღებით აკვირდებიან კოლეგა-სააგენტოების შეფასებებში მომხდარ ცვლილებებს, მეორე მხრივ კი, საქართველოს პოლიტიკური თუ ეკონომიკური ცხოვრების დუღილის ტემპერატურა მისაღებ დონეს საკმაოდ შორს არის გაცდენილი.
გარდა ამისა, Fიტცჰ-ის წინა შეფასებაში აღინიშნა, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური სისუსტეების - მათ შორის, საგარეო სავაჭრო დეფიციტის - გამო, ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის საფრთხეები არსებობს. პოლიტიკური და ეკონომიკური სისუსტეები ჯერ არ გამორიცხულა, რაც შეეხება უარყოფით სავაჭრო სალდოს, ის კვლავაც შეუქცევადად იზრდება. ამაზე მიუთითებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მონიტორინგი, რომელიც ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.
2008 წლის პირველი კვარტალის მონაცემები ცხადყოფს, რომ, ისევე როგორც წინა წლებში, ამჟამადაც იმპორტის ზრდა და ექსპორტის პოზიციების შესუსტება თვალსაჩინოა. საგარეო სავაჭრო ბრუნვა მიმდინარე წლის იანვარ-მარტში (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 1,741 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 37,2%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 330,6 მილიონ დოლარს, იმპორტი – 1,41 მილიარდს აღწევს.
შესაბამისად, იანვარ-მარტში საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 1,08 მილიარდი დოლარი იყო. გაგრძელდა ექსპორტის ხვედრითი წილის კლების ტენდენცია (თუ 2007 წლის მაჩვენებელი 19,2% იყო, წლევანდელ პირველ კვარტალში უკვე 19%-მდე დაეცა), იმპორტის ექსპორტით გადაფარვის კოეფიციენტმა კი შარშანდელი 23,8%-დან წლევანდელ პირველ 3 თვეში 23,5%-მდე იკლო.
წლეულს იანვარ-მარტში საქართველოს 105 სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა გამოეკვეთა. აქედან უარყოფითი სავაჭრო ბალანსია 90 პარტნიორ სახელმწიფოსთან, რომლებთანაც სავაჭრო დეფიციტი 1,126 მილიარდ დოლარს შეადგენს. მინიმალური დადებითი სავაჭრო ბალანსი კი მხოლოდ 15 ქვეყანასთან დადგინდა.
გარდა ამისა, თავად მთავრობაც ადასტურებს, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის წილი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მიმართ 2008 წელს, 2007 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად არ შეიცვლება. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის 2009-2012 წლების ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტშია ნათქვამი. დოკუმენტის თანახმად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის წილი მშპ-ის მიმართ 2008 წლისათვის – 18,9% იქნება.
აპრილში ინფლაცია 0,3% იყო, 12 თვის ინფლაციის მაჩვენებელმა კი აპრილში 12,2%-ს შეადგინა, რაც, წინა თვესთან შედარებით, 0,1%-ით ნაკლებია _ ამ ოპტიმისტური პროგნოზის ავტორი სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტია. ოპტიმიზმის მორიგი ულუფის გამოქვეყნების შემდეგ კიდევ ერთხელ ალაპარაკდნენ იმის თაობაზე, რომ სტატისტიკის სამსახურის გამოყვანა ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებიდან აუცილებელია. თუმცა, ჯერ კონკრეტული გადაწყვეტილება არ ჩანს.
საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი, თურმე, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, გაცილებით სტაბილურია. უკრაინაში წლიური ინფლაცია 30,2%-ს აჭარბებს, ყირგიზეთში – 25,1%-ს, ყაზახეთში – 19,1%-ს, ბულგარეთში –13,1%-ს. ზერბაიჯანში– 18,5%-ს, რუსეთში – 14,2%-ს.
მიმდინარე კვირას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების თაობაზე ჟენევაში მრავალმხრივი კონსულტაციების მორიგი რაუნდი დაიწყო. ჯერ ცნობილი არ არის, შეუერთდება თუ არა მოლაპარაკებას უკრაინა, რომელიც ვმო-ს სრულუფლებიანი წევრი გასულ კვირას გახდა. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყანა პუტინის ცნობილი განკარგულების გაუქმებამდე, რომელიც აფხაზეთთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების ინტენსიფიცირებას ითვალისწინებს, მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაბრუნებას არ აპირებს.
მიმდინარე კვირას რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე საქართველოს პრემიერი ზრუნავდა, რომელიც დსთ-ს ქვეყნების მთავრობათა მეთაურების სხდომაში მონაწილეობდა. მანამდე გურგენიძემ იაფი კრედიტის პროგრამის პირველი ეტაპი შეაჯამა. პირველი ეტაპისთვის მიღებული 1000 განაცხადიდან დაკმაყოფილებულია 35 საუკეთესო პროექტი, რომელთა ღირებულება, საერთო ჯამში, 21 მილიონ ლარს შეადგენს.
“იაფი კრედიტი” მთავრობის 50-დღიანი პროგრამის ერთ-ერთი სიახლე იყო. მიმდინარე კვირას კი პრეზიდენტი ახალი _ ქვეყნის განვითარების 50 თვიანი პროგრამის - ინიციატივით გამოვიდა. მომავალი წლის დასაწყისიდან პენსიის 100 დოლარამდე გაზრდა, “იაფი კრედიტის” პროგრამის მკვეთრი გაფართოება, საქართველოს რეგიონალური ეკონომიკისა და ვაჭრობის ცენტრად გადაქცევა, სოციალური დაცვის სისტემის რეფორმირება, შეჭირვებულების ხელახლა აღრიცხვა და მათ სიაში ახალი ხალხის დამატება _ ამ გეგმის შემადგენელი ნაწილია. გარდა ამისა, პრეზიდენტის განცხადებით, უნდა მოხდეს მთელი საქართველოს გაზიფიცირება და 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფა.
“იაფი კრედიტის” პროგრამის მონაწილე ერთ-ერთ ბანკში კი მნიშვნელოვანი სიახლეა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი “ბაზისბანკის” აქციათა 15%-იანი პაკეტის მფლობელი გახდა. ხელშეკრულება მხარეებს შორის კიევში, ევრობანკის ყოველწლიურ შეკრებაზე, გაფორმდა.
ხელშეკრულების თანახმად, ევრობანკს ეყოლება თავისი წარმომადგენელი "ბაზისბანკის" სამეთვალყურეო საბჭოში, მის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი გაამყარებს “ბაზისბანკის” კაპიტალს და, ამასთან, მის შემდგომ ზრდასაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. სამწლიანი გეგმა საშუალებას მისცემს ბანკს, კიდევ უფრო განავითაროს საქმიანობა და კორპორაციული მმართველობა.
ევრობანკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ “ბაზისბანკში” აქციების პაკეტის შეძენა იქნება ქართულ ბანკებში მისი ერთადერთი ინვესტიცია, რომელიც სტრატეგიული ინვესტორის გარეშე განხორციელდება და ქვეყანაში საშუალო სიდიდის ბანკების სეგმენტს გააძლიერებს.
მიმდინარე კვირას ეკონომიკის სამინისტრომ მორიგი რამდენიმე აქტივი გაყიდა. თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში ყოფილ სახელმწიფო ქონებას ახალი მესაკუთრეები გამოუჩნდნენ. თუმცა, ყველაზე მეტი ინტერესი იმ აქტივის გაყიდვამ გამოიწვია, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა პირდაპირი მიყიდვის წესით გაასხვისა.
წყნეთის სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიაზე არსებული ერთ-ერთი მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები პარლამენტარიზმისა და დემოკრატიული ღირებულებების განვითარებისთვის და ქვეყნის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის პარლამენტის ჯერ კიდევ მოქმედ თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს გადაეცა.
ქონება ბურჯანაძეს სიმბოლურ 1 ლარად გადაეცა. პარლამენტის თავმჯდომარეს 30 კალენდარული დღის ვადაც მიეცა, რათა ამ თანხის მობილიზება მოასწროს. ჯერჯერობით უცნობია, გადაიხადა თუ არა დაჯილდობულმა პრლამენტის სპიკერმა სიმბოლური თანხა. თუმცა მას საამისოდ ჯერ კიდევ საკმარისი დრო აქვს.