ბარაკ ობამას ვიზიტი ერაყში

დღეს ერაყს ეწვია ბარაკ ობამა - ამერიკელი სენატორი, აშშ-ის დემოკრატიული პარტიის კანდიდატი მოახლოებულ, ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე.
ერაყში ის სხვა “ცხელი წერტილიდან”, ავღანეთიდან ჩავიდა. ამ მოგზაურობის ფონია კრიტიკა, რომ ობამას საგარეო-პოლიტიკური გამოცდილება აკლია და, ამდენად, გაუჭირდება გაუმკლავდეს ლიდერის როლს საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემების მოგვარებაში.

ბარაკ ობამა ერაყში ჩასვლისთანავე შეხვდა პრემიერ-მინისტრ ნური ალ-მალიკის, რასაც მოჰყვა სხვა შეხვედრებიც, მათ შორის ერაყში ამერიკის სარდლობის წარმოადგენლებთან.

ავღანეთსა და ერაყში აშშ-ის სამხედრო კამპანიებისადმი ბარაკ ობამას განსხვავებული პოზიციები აქვს. ის ავღანეთს მიიჩნევს, და ეს ადრეც არაერთხელ უთქვამს, მთავარ ფრონტად ტერორიზმის წინააღმდეგ კამპანიაში, მოითხოვს თალიბანთან ნატოს ბრძოლის მაშსტაბის გაზრდას - მაშინ, როცა ერაყში ომს პირველივე დღიდან ეწინააღმდეგებოდა და ახლაც ირწმუნება, რომ სამხედრო კამპანია იქ მეტისმეტად დიდ რესურსებს ითხოვს, მთავარი მიზნის მიღწევას არ ემსახურება და უნდა შეწყდეს.

ცნობილია ობამას დაპირება, რომ აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, 16 თვეში გაიყვანს ამერიკელების სამხედრო შენაერთებს ერაყიდან.

თუმცა მსგავს გეგმებსა და, ზოგადად, კონკრეტული თარიღის განსაზღვრას ამერიკულ სარდლობაში სკეპტიკურად უყურებენ. კვირას, როცა ბარაკ ობამა ავღანეთში იმყოფებოდა, აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მეთაურმა, ადმირალმა მაიკ მალენმა გამოთქვა შეფასება, რომ ერაყიდან ჯარების გაყვანის, მაგალითად 2-წლიანი გეგმის დასახვას “ძალიან სახიფათო” შედეგები მოჰყვებოდა. მიზეზია ერაყის მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებს, უწინარეს ყოვლისა, შიიტებსა და სუნიტებს შორის დაპირისპირება, რომელიც, შესაძლოა, ისევ გამწვავდეს, როგორც კი ერაყს ამერიკელი სამხედროები დატოვებენ - თან გამწვავდეს ისე, რომ ერაყის მთავრობა ვითარებას ვეღარ გაუმკლავდება.

ამ, პირქუში პერსპექტივის აღწერისას ადმირალმა მალენმა დასძინა: “მზად ვარ, სამხედროების ეს პოზიცია გავაცნო აშშ-ის მომავალ პრეზიდენტს, ვინც უნდა იყოს ისო”.

მაგრამ, რაც უნდა დამაჯერებელი არგუმენტები გააცნონ გენერლებმა პრეზიდენტობის კანდიდატ ბარაკ ობამას, მას გაუჭირდება, შეცვალოს ერაყის ომისადმი დამოკიდებულება, რომელიც ყოველთვის იყო მისი წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ცენტრალური ასპექტი. სხვა თუ არაფერი, პოზიციის შეცვლით, ობამა ბევრი ამომრჩევლის მხარდაჭერის დაკარგვას გარისკავდა.

ერაყის შემდეგ ბარაკ ობამა იორდანიაში ჩადის, რის შემდეგაც კიდევ რამდენიმე ქვეყანას - ისრაელს, გერმანიას, საფრანგეთსა და ბრიტანეთს ეწვევა. ტურნეს ფონია ობამას ოპონენტების, პირველ რიგში აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის კრიტიკა, რომ ობამას აკლია გამოცდილება საგარეო პოლიტიკის სფეროში.