აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და გაერო

გაეროს უშიშროების საბჭოს მაშინვე არ გადაუდგამს ნაბიჯები მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ.
მაგრამ სავსებით ნათელია, რომ გაეროს უზენაესი აღმასრულებელი ორგანოს დუმილი მხოლოდ პრელუდიაა პოლიტიკურად დამუხტული სხდომების განახლების წინ.

გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა, მიშელ მონტასმა განაცხადა, რომ ბან კი მუნი დილის 4 საათზე გააღვიძეს გაეროში რუსეთის მისიის წერილის გადასაცემად. გენერალურ მდივანს ატყობინებდნენ, რომ მოსკოვმა აფახზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ცნო.

მონტასის თქმით, მოვლენათა ამგვარი განვითარება უთოუდ დააბრკოლებს უშიშროების საბჭოსა და საქართველოში გაეროს მეთვალყურეთა მისიის მუშაობას.

რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, ვიტალი ჩურკინმა სამშაბათს რიგგარეშე პრესკონფერენცია გამართა და ის საქართველოს ხელმძღვანელობასა და კონკრეტულად პრეზიდენტ სააკაშვილზე თავდასხმისთვის გამოიყენა.

შეკითხვაზე, როგორ ესადაგება საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარება საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტების მიერ შემუშავებულ ექვსპუნქტიან გეგმას, ჩურკინმა თქვა, რომ რუსეთი შეთანხმების ექვსივე პუტნქტს იცავს. სამაგიეროდ დასძინა, რომ საქართველომ, როგორ ჩანს, მისი ამერიკელი მრჩევლების მითითიებით, თავი აარიდა შეთანხმების იმ პუნქტის შესრულებას, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსის საჯაროდ განხილვას ითვალისწინებდა.

თავის დაწერილ სიტყვაში ჩურკინმა ორჯერ იხმარა გამოთქმა "საქართველოს მომავალი ლიდერები", მას არცერთხელ არ უხსენებია ქვეყნის "პრეზიდენტი" და ერთხელ იხმარა "ბატონი". უმეტეს შემთხვევებში ის უბრალოდ "სააკაშვილს" ამბობდა. როგორც ჩვენი ნიუ იორკელი კორესპონდენტი იუწყება, ჩურკინის გამოსვლამ აშკარად დატოვა შტაბეჭდილება, რომ მოსკოვი თბილისში რეჟიმის შეცვლისკენ ისწრაფვის.

ჩურკინმა ასევე თქვა, რომ მოსკოვი კავშირს ხედავს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობასა და დასავლეთის ქვეყნების მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის ცნობას შორის:

[ჩურკინის ხმა] "ამან წარმოშო გარკვეული დინამიკა, რომლის შესახებაც ყველას ვაფრთხილებდით მას შემდეგ, რაც კოსოვოს ცალმხრივი წესით დამოუკიდებლობის გამოცხადება გამოჩნდა ჰორიზონტზე. ჩვენ ვამბობდით, რომ ეს დამატებით ძალას მატებს ყველას, ვინც საკუთარი დამოუკიდებლობისთვის იღწვის. მაგრამ ერთ რამეს გეტყვით: პირადად მე ვფიქრობ, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ბევრად უფრო მეტი მიზეზი და ბევრად უკეთესი სამართლებრივი საფუძველი მოეპოვებათ დამოუკიდებლობისთვის, ვიდრე კოსოვოს. მათ ბევრად უფრო ძლიერი არგუმენტები აქვთ."

თავის გამოსვლაში გაეროში რუსეთის ელჩმა კატეგორიულად უარყო მოსაზრება, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღაიარებით მოსკოვი სიგნალს იძლევა ახალი ცივი ომის დაწყების თაობაზე.

გუშინვე გაეროში პრესკონფერენცია გამართა გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ირაკლი ალასანიამ. თავის გამოსვლაში ის რუსეთს მოიხსენებდა როგორც "აგრესორს" და თქვა, რომ შექმნილ ვითარებაში შეუძლებელია მოსკოვსა და თბილისს შორის დიალოგის წარმოება:

[ალასანიას ხმა] "ამ ნაბიჯს არა აქვს საერთაშორისო სამართლებრივი შედეგები. მას გავლენა არა აქვს საქართველოს საერთაშორისოდ დადგენილ საზღვრებზე და ვერავითარი სახით ვერ შეცვლის საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის მიმართ. ცხადია, რუსეთის ფედერაციამ თავისი უაზრო მოქმედებით გაიუქმა თავი, როგორც ამ კონფლიქტის ქმედითუნარიანი მშვიდობისდამცველი."

ალასანიამ განმეორებით მოუწოდა გაეროს წევრებს, არ აღიარონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და რუსეთი იზოლაციაში მოაქციონ.

მიუხედავად დაძაბული ვითარებისა, ორივე ელჩმა პრესკონფერენციები ცივილიზებულად ჩაატარა, თუ არ ჩავთვლით თითო ინციდენტს, როცა მათ ჟურნალისტებს მიკერძოებულობაში დასდეს ბრალი.

ირაკლი ალასანიას თქმით, თბილისმა უკვე დაიწყო რუსეთის უკანონო ქმედების წინააღმდეგ კოალიციის შექმნა, მაგრამ მოსკოვის წინააღმდეგ მხოლოდ დიპლომატიური, ეკონომიკური და ფინანსური გზებით, მშვიდობიანად, იმოქმედებს.

კერძოდ საუბრებში დიპლომატები გაეროში ამბობენ, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებით რუსეთმა სახეში სილა გააწნა საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის, რომლის აქტიური მონაწილეობით იქნა მიღებული ექვსპუნქტიანი სამშვიდობო გეგმა. ამ გეგმის მეექვსე პუნქტი სწორედ ორი რეგიონის სტატუსის საერთაშორისო განხილვას ითვალისწინებდა.