არასაპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებისგან მედიის გათავისუფლებას მოითხოვს

23 ნოემბერს, ანუ „ვარდების რევოლუციის“ ხუთი წლისთავზე, არასაპარლამენტო ოპოზიცია,
მედიის გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქციების დაწყებას აპირებს. ოპოზიციის ლიდერები ამტკიცებენ, რომ ”საზოგადოებრივი მაუწყებელი” და კერძო ტელეკომპანიების აბსოლუტური უმრავლესობა, პირდაპირ თუ ირიბად, ხელისუფლების მიერ იმართება, რის გამოც პოლიტიკური პარტიები, მმართველი პარტიის გამოკლებით, მოკლებულნი არიან ამომრჩევლებთან სრულფასოვანი ურთიერთობის საშუალებას. საკითხავია, როგორ აპირებს ოპოზიცია ვითარების შეცვლას.
არასაპარლამენტო ოპოზიციამ 23 ნოემბრისათვის მზადება თითქმის ერთი კვირით ადრე დაიწყო. მიტინგის ჩატარების დრო და ადგილი „ხალხის პარტიის“ ლიდერმა კობა დავითაშვილმა გაამხილა:
[კობა დავითაშვილის ხმა] „მე მინდა საზოგადოებას მოვუწოდო, კვირას, 12 საათზე, შევიკრიბოთ ტელეკომპანია ”იმედთან” და ერთად დავაფიქსიროთ პოზიცია. „იმედი“ - ეს არ არის ცალკეული ადამიანების ან ადამიანთა ჯგუფის საკუთრება. „იმედი“ ეკუთვნის მთელ ხალხს, ქართველ ხალხს და ხალხმა უნდა დაიბრუნოს „იმედი“...“
ტელეკომპანია „იმედის“ გარდა, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერთა მტკიცებით, ხელისუფლებამ უნდა დათმოს ყველა სხვა ტელეკომპანიის მართვის სადავეები. 20 ნოემბერს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებთან შეხვედრისას, კონსერვატორული პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ მედიის დამოუკიდებლობის გარეშე ახალი არჩევნების ჩატარებას აზრი არა აქვს:

[ზვიად ძიძიგურის ხმა] „პირველ რიგში, უნდა შეიქმნას პირობები ქვეყანაში იმისათვის, რომ პოლიტიკური ოპონირება იყოს შესაძლებელი მმართველ ძალასთან. ამისათვის საჭიროა მასმედიის გათავისუფლება, რათა საზოგადოებას ჰქონდეს მართალი ინფორმაცია, რა ხდება ჩვენ ქვეყანაში. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დავიწყოთ საუბარი წინასაარჩევნო კანონმდებლობის შეცვლაზე და პროცედურების დახვეწაზე.“

დახურული შეხვედრის შემდეგ გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებმა, პატრიცია ფლორმა და ერიკ ფურნიემ, აღნიშნეს, აუცილებელია ხელისუფლებამ და ოპოზიციამ დიალოგის გზით მოაგვაროს ყველა ის პრობლემა, რომელიც საქართველოში არსებობსო.
ეკა ბესელიას მხოლოდ დიალოგის გზით ხელისუფლების დარწმუნება შეუძლებლად მიაჩნია. ბესელიას თქმით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევა:

[ეკა ბესელიას ხმა] „სააკაშვილის რეჟიმისთვის საგარეო ფაქტორი და დამოკიდებულება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპკორპუსისა, მათი გზავნილები არის უფრო გასაზიარებელი, ვიდრე ხალხის განწყობა და ხალხის ნება. ხელისუფლებამ რომ დათმოს, ამისთვის უნდა გაჩნდეს პოლიტიკური ნება. გავიხსენოთ „მაესტროს“ შემთხვევა. სასამართლოები, რომლებიც სრულად კონტროლდება ხელისუფლების მიერ, ერთ დღეში ცვლიან გადაწყვეტილებებს. მაგალითისთვის გამოდგება „მაესტრო“. ”

ეკა ბესელია დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას, ადრე თუ გვიან, მოუწევს ტელევიზიების დათმობა. იმედიანადაა განწყობილი ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძეც, რომელმაც სახალხო დამცველის ოფისში მედიის თავისუფლების თემაზე გამართული შეხვედრის შემდეგ რადიო ”თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მედიის მდგომარეობა უიმედო აღარაა:

[ლევან გაჩეჩილაძის ხმა] „უკვე გამოჩნდნენ ჟურნალისტები, რომლებმაც სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე დაიწყეს ლაპარაკი. ეს ამბავი აზვირთდება.“

ლევან გაჩეჩილაძის თქმით, თავისუფალი და პოლიტიკური პარტიებისათვის გახსნილი ტელევიზიების გარეშე შეუძლებელი იქნება სამართლიანი არჩევნების ჩატარება. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძეც ამბობს, რომ ინფორმაციის კონტროლისა და დეფიციტის პირობებში ხალხს, ანუ ამომრჩეველს, გაუჭირდება პარტიებს შორის უკეთესის არჩევა, თუმცა, რამაზ საყვარელიძის თქმით, მედიის გათავისუფლება საკითხის მხოლოდ ერთი ნახევარია:

[რამაზ საყვარელიძის ხმა] „მაგრამ გამოიყენებს თუ არა ოპოზიცა ამ თავისუფალ მედიას, ეს არ ვიცი. მთელი თბილისისთვის ხელმისაწფდომია „კავკასია“. მიუხედავად ამისა, თბილისში 27 პროცენტი ხელისუფლებას უჭერს მხარს და მიიჩნევს, რომ გაიმარჯვა ომში. ეს ნიშნავს, რომ მარტო ტრიბუნა და მიკროფონი არ არის პრობლემა. მნიშვნელოვანია ასევე ის, თუ რას ჩასძახებ მიკროფონს. როგორც ჩანს, იმას, რასაც ოპოზიცია იძახის მიკროფონში, არ აქვს ისეთი ეფექტი, რაც არსებულ სურათს შეცვლიდა, ანუ იმ სურათს, რომლის მიხედვითაც, წამყვანი პოლიტიკური ფიგურა, თავისი რეიტინგით, ისევ მიხეილ სააკაშვილია, რომელიც საგრძნობლად უსწრებს თავის ოპონენტებს.“ (სტილი დაცულია)