საქართველო მზად არის ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტის ასამუშავებლად

საქართველოს ხელისუფლება მზად არის ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გახსნის თაობაზე რუსეთთან მოლაპარაკება დაიწყოს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ეს გადაწყვეტილება თბილისმა საქართველოს და რუსეთის მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით მიიღო. მანამდე შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით, რუსეთმა საქართველოს აცნობა, რომ ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის სარემონტო სამუშაოები დაასრულა და მზად არის მისი გახსნის ტექნიკურ დეტალებზე მოლაპარაკება დაიწყოს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კონკრეტული დეტალები გაირკვევა ექსპერტთა კონსულტაციისას, რომლის კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ სარემონტო სამუშაოების საბაბით, რუსეთმა ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი 2006 წლის ივლისში დაკეტა.