სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის არჩევნებში „ედინსტვო“ ლიდერობს

სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის საარჩევნო კომისიამ დღეს განაცხადა, რომ ბიულეტენების 100%-ის დამუშავების შედეგად, კვირას გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ხმების 46%-ით პარტია „ედინსტვო“ ლიდერობს. მეორე ადგილზე 25%-ით კომუნისტური პარტიაა, მესამეზე კი - სახალხო პარტია, რომელსაც ხმების 22% აქვს. დე-ფაქტო რესპუბლიკის საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, 7%-იანი ბარიერი ვერ გადალახა სოციალისტურმა პარტიამ. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგები, რომელსაც მხოლოდ რუსეთი და ნიკარაგუა აღიარებენ, შვიდ ივნისამდე გამოქვეყნდება. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებმა დაადასტურა, რომ რესპუბლიკის მოქალაქეები დამოუკიდებელ სახელმწიფოში ცხოვრების ღირსნი არიან. მოსახლეობისადმი მიმართვისას ედუარდ კოკოითიმ აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთმა გამოცდა ჩააბარა და მხარი ერთობას დაუჭირა.