ობამა მუსულმანურ სამყაროს ამერიკასთან ურთიერთობის ახალი ეტაპისაკენ მოუწოდებს

ბარაკ ობამა ქაიროს უნივერსიტეტში გამოსვლისას

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს ქაიროში გამოვიდა სიტყვით, რომელიც წინასწარვე დიდ ინტერესს იწვევდა, როგორც, თეთრი სახლის განცხადებით, მნიშვნელოვანი გამოსვლა, მიმართული მსოფლიოს მუსულმანებისადმი. ობამას თითქმის ერთსაათიანი გამოსვლა ამერიკისა და მუსულმანური სამყაროს ურთიერთგაგებისაკენ მოწოდების გარდა, მოიცავდა კრიტიკას მოძალადე ექსტრემისტებისა და ავტორიტარი მმართველებისადმი, ისევე როგორც ვაშინგტონის პოლიტიკის ზოგი შეცდომის აღიარებას.

ქაიროს უნივერსიტეტში შეკრებილები მქუხარე ტაშით შეხვდნენ შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას და მას გამოსვლის დროსაც რამდენიმეჯერ შეაწყვეტინეს სიტყვა ტაშით. ასე იყო, მაგალითად, როცა აშშ-ის პრეზიდენტმა ყურანიდან ციტატა მოიშველია - გახსოვდეს ღმერთი და ყოველთვის სიმართლე ილაპარაკეო...

აშშ-ის პრეზიდენტმა ყურანი მოგვიანებითაც მოიშველია და, საერთოდ, საკმაოდ დიდი ყურადღება დაუთმო რელიგიას - აღნიშნა, რომ თავად ქრისტიანია, მაგრამ მამა და მისი წინაპრები მუსულმანები ჰყავდა და თვითონაც მრავალი წელი ცხოვრობდა მუსულმანურ ქვეყანაში - ინდონეზიაში. რაც შეეხება მუსულმანურ ეგვიპტეში ვიზიტის მიზეზს, ბარაკ ობამას სიტყვებით, ის ქაიროში ჩავიდა, “რათა დასაბამი მიეცეს ახალ ეტაპს შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოს მუსულმანებს შორის ურთიერთობაში - ახალ ეტაპს, რომელიც დაფუძნებული იქნება საერთო ინტერესებსა და ურთიერთპატივისცემაზე და დაფუძნებული იქნება ჭეშმარიტებაზე, რომ ამერიკა და ისლამი ერთმანეთს არ გამორიცხავენ და არ ესაჭიროებათ ერთმანეთთან კონკურენცია. პირიქით, ისინი ერთმანეთს ესადაგებიან და იზიარებენ საერთო პრინციპებს: პრინციპებს, როგორიცაა სამართლიანობა და პროგრესი, ტოლერანტობა და ყველა ადამიანის ღირსება”.

Your browser doesn’t support HTML5

ბარაკ ობამა ეგვიპტეში


დღევანდელ გამოსვლაში ბარაკ ობამას მწვავე კრიტიკა იყო მიმართული ექსტრემისტების, მისი თქმით, მუსულმანების “პატარა, მაგრამ ძლიერი უმცირესობის” წინააღმდეგ. ისინი დასავლეთსა და ისლამს შორის ისტორიულ დაძაბულობას იყენებენო, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. მისი შეფასებით, სანამ დასავლეთისა და ისლამური სამყაროს ურთიერთობის განმსაზღვრელი მათს შორის განსხვავებები იქნება, გაძლიერდებიან ისინი, “ვინც მშვიდობის ნაცვლად სიძულვილს თესავს და ვინც ხელს უწყობს კონფლიქტს და არა თანამშრომლობას, რომელსაც შეუძლია ხალხებს დაეხმაროს სამართლიანობისა და კეთილდღეობის მიღწევაში. ამ უნდობლობასა და განხეთქილებას ბოლო უნდა მოეღოს”, დასძინა ობამამ.

ბარაკ ობამას თქმით, ყველასთვის არის ცნობილი, რომ აშშ-ს მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს ისრაელთან - ურთიერთობა, რომლის სიმტკიცესაც ვერაფერი გატეხს. მაგრამ პრეზიდენტმა იქვე განაცხადა, რომ “აუტანლად” მიაჩნია, რა ვითარებაშიც პალესტინელები არიან. როგორც ობამამ განაცხადა, ისრაელმა უნდა აღიაროს, რომ “ისევე როგორც არ შეიძლება, არსებობის უფლებაზე უარი ეთქვას ისრაელს - არ შეიძლება უარი ეთქვას არც პალესტინას. შეერთებული შტატები არ ცნობს ისრაელის დასახლებების კანონიერებას. ეს მშენებლობა არღვევს წინა შეთანხმდებებს და ძირს უთხრის სამშვიდობო ძალისხმევას.”

ქაიროში გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტი კიდევ რამდენიმე საკითხს შეეხო - მათ შორის, როგორც მოსალოდნელი იყო, რთულ ურთიერთობას ირანთან. ობამამ დაადასტურა ურთიერთობის გაუმჯობესების სურვილი, თუმცა “გადამწყვეტ პუნქტად” მოიხსენია ბირთვული იარაღი, რომელიც, ობამას განმარტებით, არა მარტო უბრალოდ ამერიკის ინტერესებში არ შედის, არამედ სახიფათოა მთელი მსოფლიოსთვის.

რაც შეეხება შეერთებული შტატების ამჟამინდელ სამხედრო კამპანიებს, ერაყთან დაკავშირებით ითქვა, რომ აშშ პრეტენზიას არ აცხადებს ერაყის არც ტერიტორიაზე და არც რესურსებზე და რომ გრძნობს პასუხისმგებლობას, ერაყს დაეხმაროს უკეთესი მომავლისკენ მიმართულ ძალსიხმევაში. ობამას განცხადებით, აშშ აცნობიერებს ასევე, რომ მარტო სამხედრო ძალა საკმარისი არ არის ავღანეთსა და პაკისტანში პრობლემების მოსაგვარებლად. ამიტომ ვაშინგტონი აპირებს მომდევნო 5 წლის მანძილზე, წელიწადში 1,5 მილიარდი დოლარი მიაწოდოს პაკისტანს, ხოლო ავღანეთს 2,8 მილიარდი დოლარით ეხმარება ეკონომიკის გასაძლიერებლად.

“არ გეგონოთ, ჩვენი ჯარისკაცების ავღანეთში დატოვება გვინდოდეს, ჩვენ არ გვსურს იქ სამხედრო ბაზები”, განაცხადა ობამამ, რომლის სიტყვებითაც ამერიკისთვის საშინელი ტანჯვაა სამხედრო მოსამსახურეების, ახალგაზრდა მამაკაცებისა და ქალების დაკარგვა. “ამ კონფლიქტის გაგრძელება ძვირიცაა და პოლიტიკურად რთულიც. სიამოვნებით დავაბრუნებდით სახლში ჩვენს ყველა ჯარისკაცს - თუ გვეცოდინებოდა, რომ ავღანეთსა და ახლა პაკისტანში არ არიან მოძალადე ექსტრემისტები, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ რაც შეიძლება მეტი ამერიკელის დახოცვა”, განაცხადა ბარაკ ობამამ დღეს ქაიროს უნივერსიტეტში გამოსვლისას.

დასასრულს ის კიდევ ერთხელ გამოვიდა ურთიერთგაგებისაკენ, ტოლერანტობისაკენ მოწოდებით, თან აღიარა, რომ ეს იოლი გზა არ არის. მაგრამ, მისივე სიტყვებით, მსოფლიოს დღეს “სწორი გზა სჭირდება და არა იოლი გზა”.