“რეგიონების პარტია” უარს ამბობს იულია ტიმოშენკოს ბლოკთან კოალიციაზე

უკრაინაში წამყვანმა ოპოზიციურმა პარტიამ უარი თქვა პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს ბლოკთან კოალიციის შექმნაზე. საინფორმაციო სააგენტო “როიტერსის” ცნობით, ტიმოშენკოს გუნდის წევრებმა მოლაპარაკებები გამართეს ყოფილ პერმიერ-მინისტრ ვიქტორ იანუკოვიჩის “რეგიონების პარტიასთან” კოალიციის შესაქმნელად, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდებოდა კონსტიტუციის შეცვლა და პრეზიდენტად იანუკოვიჩის არჩევა. იმავდროულად, ტიმოშენკო პრემიერ-მინისტრის პოსტზე დარჩებოდა. მაგრამ იანუკოვიჩმა უარყო ეს იდეა. მან განაცხადა, რომ სურს ძალაში დარჩეს სისტემა, რომლის შესაბამისადაც ხალხი ირჩევს პრეზიდენტს. საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში მომავალი წლის იანვრისთვის არის დაგეგმილი.