ევროპარლამენტის არჩევნებში მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიები ლიდერობენ

ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ლიდერობენ მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიები. კვირას, ევროპარლამენტის საარჩევნო მარათონის ბოლო დღეს, არჩევნები ჩატარდა ევროკავშირის 19 ქვეყანაში. როგორც იუწყებიან, გერმანიაში კანცლერ ანგელა მერკელის პარტიამ, ქრისტიანულ-დემოკრატიულმა კავშირმა 38,5-მდე პროცენტი მოიპოვა, რითაც საგრძნობლად უსწრებს მეორე ადგილზე 21,5-მდე პროცენტით გასულ სოციალ-დემოკრატებს. ასევე წინასწარი შედეგებით, საფრანგეთსა და იტალიაში ლიდერობენ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისა და პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის პარტიები. საბერძნეთში კი ოპოზიციურმა სოციალისტურმა “პასოკმა” დაამაარცხა მმართველი ახალი დემოკრატიული პარტია. მმართველმა პარტიებმა, როგორც ჩანს, მარცხი განიცადეს აგრეთვე ბრიტანეთში, ირლანდიაში, ავსტრიაში, ბულგარეთსა და ნიდერლანში. ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ევროკავშირში 388 მილიონამდე ადამიანს ეძლეოდა. ბევრ ქვეყანაში ელექტორატი პასიურობით გამოირჩეოდა.