რამდენად სახიფათოა საქართველოსთვის რუსეთის მასშტაბური სამხედრო წვრთნა?

29 ივნისს მოსკოვმა საქართველოს საზღვრებთან დაიწყო მასშტაბური სამხედრო წვრთნა, რომელსაც ექსპერტები არცთუ იშვიათად უკავშირებენ მოსკოვის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ომის განახლების საფრთხეს. ექსპერტები ლაპარაკობენ სცენარზე, რომელიც კრემლმა შარშან მსგავსი წვრთნის კვალდაკვალ განავითარა და რასაც, საბოლოოდ, აგვისტოს ომი მოჰყვა. რამდენად დიდია საფრთხე ამჯერად და რა ევალება საქართველოს ხელახალი ომის საფრთხის თავიდან ასაშორებლად - ახლა ჩვენ ამ საკითხის გარკვევას შევეცდებით.

საქართველოს საზღვრებთან ძალის დემონსტრირება რუსეთმა 29 ივნისს წინასწარ გაცხადებული გეგმის შესაბამისად დაიწყო. ოპერატიულ-სტრატეგიული სამხედრო წვრთნის - ”კავკასია 2009”-ის ფარგლებში, სხვადასხვა მასშტაბის მანევრებში მონაწილეობისთვის მობილიზებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაახლოებით 9 ათასი სამხედრო მოსამსახურე, 200 ტანკი, 450 ერთეული ჯავშანტექნიკა და მზადყოფნაშია სხვა სახის თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობაც. სწავლება გაიშლება კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეებში, ასტრახანის, ვოლგოგრადისა და როსტოვის ოლქებში და, ასევე, ჩრდილოეთ ოსეთის, ინგუშეთის, დაღესტნის, ყარაჩაი-ჩერქეზეთისა და ჩეჩნეთის რესპუბლიკებში. პროცესში აქტიურად არის ჩართული საქართველოს სეპარატისტული რეგიონებიც. განცხადება ამის თაობაზე 29 ივნისს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ვიცე-სპიკერმა პაატა დავითაიამ გააკეთა.

დმიტრი როგოზინი
”კავკასია 2009”-ის მიმართ უკვე კარგა ხანია განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ ექსპერტებიც და მუდმივად იხსენებენ სცენარს, რომლითაც კრემლი 2008 წელს მოქმედებდა. ხაზი ესმება ფაქტს, რომ აგვისტოს ომს სწორედ მსგავსი სამხედრო სწავლება - ”კავკასია 2008” - უძღოდა წინ. ამ კონტექსტში კრემლის მორიგ მუქარად შეიძლება შეფასდეს განცხადება, რომელიც 29 ივნისს ნატოში რუსეთის წარმომადგენელმა დმიტრი როგოზინმა გაახმოვანა. მან თქვა, რომ მოსკოვი მსგავს წვრთნებს მოსალოდნელ საფრთხეებზე სათანადო პასუხის მოსამზადებლად ატარებს და რომ არა შარშანდელი სამხედრო წვრთნა, რუსეთის რეაქცია აგვისტოს მოვლენებთან მიმართებით შენელებული იქნებოდაო. როგოზინმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა სამხედრო აგრესიის მოსალოდნელობას თბილისის მხრიდან და რუსეთის მზადყოფნას - სათანადო პასუხი გასცეს ასეთ მოსალოდნელობას.

თბილისში დარწმუნებულნი არიან, რომ რუსეთი საქათველოს პროვოცირებას ცდილობს, თუმცა მიზანს მაინც ვერ მიაღწევს. საქართველოს ხელისუფლებას მიაჩნია, რომ, საქართველოს მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერის გამო, რუსეთი ახალი ომის წამოწყებას ვეღარ გაბედავს, რადგანაც მას უფრო მაღალი საფასურის გადახდა მოუწევს.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ომისთვის ყოველთვის მზად არის, საქართველოსთან ომის განახლების რეალურ საფრთხეს ამ ეტაპზე, ბევრი კოლეგის მსგავსად, ვერც პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე ხედავს:

თორნიკე შარაშენიძე

”... რუსეთს ამჯერად გაუჭირდება საბაბის გამოძებნა, რომ მას სჭირდება საკუთარი მოქალაქეების დაცვა. ეს იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელსაც ის ჩაეჭიდა და რომელიც გაცხადებული ჰქონდა თავის ფუძემდებლურ დოკუმენტებში, მაგალითად - ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში... ახლა საბაბი გაჭირდება, მით უმეტეს, რომ, ეკონომიკური კრიზისის ფონზე, რუსეთს სჭირდება კარგი კონტაქტები მსოფლიო თანამეგობრობასთან და მიდის ხელახალი დაახლოება ამერიკასა და ნატოსთან... ასე რომ, ამჯერად ვითარება საგანგაშო არ უნდა იყოს. ”

რესურსს იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოების თვალში რუსეთმა ახალი ომი რამენაირად გაამართლოს, ვერც პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი ხედავს და ამიტომ ამგვარი მოსალოდნელობის ალბათობაც მინიმალურად მიაჩნია. ის ფიქრობს, რომ მოსკოვი ასე იოლად ვერც ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიას გადააბიჯებს - მისიას, რომელიც, მართალია, საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში ვერ შედის და არც იარაღი აქვს, მაგრამ შეუძლია, რუსეთის აგრესიის შემხვევაში, სიმართლე უამბოს მსოფლიოს. მიუხედავად ამისა, კახა გოგოლაშვილი საუბრობს სიფრთხილეზე, რომელიც საქართველოს მოეთხოვება:

”საქართველო მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ არანაირ პროვოკაციაზე არ წამოეგოს - არც პოლიტიკურ, არც სამხედრო და არც სხვა სახის პროვოკაციაზე... და მეორე, საჭიროა მჭიდრო და პერმანენტული კონსულტაციები საერთაშორისო ძლიერ აქტორებთან. უნდა გამოირიცხოს ცალმხრივი აქციები. აბსოლუტურად ყველაფერი ურთიერშეთანხმებული უნდა იყოს, ვფიქრობ, როგორც მინიმუმ - ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან.”

”კავკასია 2009” დასრულდება 6 ივლისს, სწორედ იმ დღეს, როდესაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა თავის რუს კოლეგას, დმიტრი მედვედევს, მოსკოვში უნდა ეწვიოს. გარღვევას არ მოელიან, მაგრამ ექსპერტები ფიქრობენ, რომ საქართველოსთვის საინტერესო ბევრი რამ სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გაირკვევა. მანამდე კი მოსკოვი მოერიდება ვაშინგტონს ისეთი საბაბი მისცეს, რომელიც ობამას მხრიდან მოსკოვში საქართველოს საკითხის უფრო მწვავედ დაყენებას შეუწყობდა ხელს.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ახალი ომის ალბათობას მინიმალურად მიიჩნევენ, უცხოელი ექსპერტები გამოთქვამენ შიშს, რომ რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეს არასათანადოდ აფასებს როგორც საქართველო, ასევე - საერთაშორისო თანამეგობრობა.