მუსავი და ქარუბი უკანონოდ მიიჩნევენ მაჰმუდ აჰმადინეჟადის გამარჯვებას

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებულმა კანდიდატებმა მირ ჰოსეინ მუსავიმ და მეჰდი ქარუბიმ უკანონოდ გამოაცხადეს მოქმედი პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჟადის გამარჯვება და დასძინეს, რომ მისი ახალი კაბინეტი არალეგიტიმური იქნება. ამ შინაარსის განცხადებები მუსავიმ და ქარუბიმ თავიანთ ინტერნეტგვერდებზე გამოაქვეყნეს. კენჭისყრისას მომხდარი დარღვევები გააკრიტიკა ირანის ყოფილმა პრეზიდენტმა მოჰამად ხათამიმაც. მან ხელისუფლება დაგმო საპროტესტო აქციების მონაწილეთა მასობრივი დაპატიმრებისთვის და იმისთვის, რომ დაკავებულებს - როგორც ხათამიმ აღნიშნა - ტელეკამერების წინ აიძულებენ, „დანაშაული“ აღიარონ.