ბორჯომ-ბაკურიანის ტურისტული სეზონი

ბორჯომი

ტურისტული სეზონი ბორჯომსა და ბაკურიანში უკვე დაწყებულია, თუმცა არა იმ ტემპით, როგორც ეს გასულ წლებში იყო. ამის ერთ-ერთი მიზეზი, მოსახლეობის განმარტებით, წყალსაკანალიზაციო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომელიც, პროექტის მიხედვით, წელიწად-ნახევარში უნდა დასრულდეს. საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, ბორჯომ-ბაკურიანის გარდა, ტურისტული პოტენციალი ჯავახეთში ფარავნის ტბასაც გააჩნია.

მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქში საგრძნობლად დაცხა და ტურისტული სეზონიც დაიწყო, საკურორტო ქალაქები მაინც დამსვენებლთა ნაკლებობას უჩივიან. 2008 წელს, აგვისტოს ომამდე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განყოფილების მონაცემებით, ბორჯომ-ბაკურიანსა და ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკს 64 ათასზე მეტი დამსვენელი სტუმრობდა, წელს კი ადგილობრივები განმარტავენ, რომ სეზონი არც კი დაწყებულა.

"მაინცდამაინც არ ეტყობა ბორჯომს, რომ სეზონი დაიწყო. ხალხის ნაკლებობაა, უჭირს მოსახლეობას. ქალაქიც არ არის მომზადებული საამისოდ. ამ დროს ხალხის ტევა აღარ იყო ბორჯომში – პარკში, სახლში, მაგრამ დღეს არავინ არ ჩანს. ან რატომ ჩამოვა ხალხი, დასალევი წყალი არ არის, საზიზღრობაა. პარკი ვითომ გააკეთეს და ეგეც დაინგრა და გაპარტახდა. ბაზარია და შორს არის, თან ძვირია ყველაფერი – რაზე ჩამოვა ხალხი? ბორჯომელები ელოდებიან ამ ორ თვეს და, რად გინდა, ხალხი არ ჩანს. საშინელი წყალი მოდის ამ დრომდე. სათავე ნაგებობაში დაუშვეს თავის დროზე შეცდომა და ვეღარ ეშველა ვერაფერი. რამდენი დეპუტატიც მოვიდა, ყველა შეგვპირდა, მაგრამ როგორც მოვიდნენ, ისე წავიდნენ."

ბორჯომელთა საჩივარს საქართველოს პრეზიდენტი 12 ივლისს გამოეხმაურა. რწმუნებულებსა და გამგებლებთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებსა და ტურიზმის განვითარებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა:

"ჩვენ ბევრგან მასშტაბური სამუშაოები დავიწყეთ, მაგრამ წავიბორძიკეთ, იმიტომ რომ არ გვქონდა გამოცდილება. ბევრგან გვეგონა, რომ ამდენი ღირს, გამოვყავით თანხები, ონკანები დავაყენეთ და აღმოჩნდა, რომ წყალი არ წამოვიდა და ეს უნდა გადავლახოთ. ბორჯომში 30 მლნია გამოყოფილი. ეს ფული ტურიზმში ჩადებული ფულია, რა თქმა უნდა, მოსახლეობისთვის, პირველ რიგში."

ბორჯომსა და ბაკურიანში წყალსაკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 30 მილიონიდან 13 მლნი ბაკურიანს, ხოლო დანარჩენი ბორჯომს უნდა მოხმარდეს. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვახტანგ მაისურაძემ პრეზიდენტს განუმარტა, რომ მასშტაბური მშენებლობის განსახორციელებლად მშენებლები უკვე მზად არიან:

"15% ამ წყალსადენის მშენებლობისა უკვე შესრულებულია. გვქონდა ძალიან დიდი პრეტენზიები მშენებლებთან – ტემპებთან და ხარისხთან დაკავშირებით. ჩვენი ერთობლივი მუშაობით და მონიტორინგით ბოლო ერთი თვეა მივაღწიეთ იმას, რომ ეს ყველაფერი გამოსწორებულია და ტემპი ისეთია ზუსტად, როგორიც ჩვენ და ჩვენს მოსახლეობას სჭირდება."

კიდევ ერთი პრობლემა, რის გამოც ბორჯომში დამსვენებლთა რაოდენობამ იკლო, მოსახლეობის აზრით, დასასვენებელ სახლ "ლიკანის" არასწორი პრივატიზებაა. უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობა ამბობს, რომ როგორც ხელისუფლებამ, ასევე ყაზახურმა კომპანიამ საქმე უხარისხოდ და უგულოდ გააკეთა:

"დასასვენებელი სახლი “ლიკანი” დაანგრიეს, 300 კაცი გაუშვეს სახლში. იქ ექიმები იყვნენ, მუშა-მოსამსახურეები...ხალხი ჩამოდიოდა, ბიუჯეტში ფული შეჰქონდათ, თავიანთ თავსაც არჩენდნენ და ოჯახებშიც პრობლემა არ ჰქონდათ. ამათ კიდევ დაკეტეს, დაანგრიეს, მაგრამ ისეთი აშენებულია, რომ ბოლომდე ვერც დაანგრიეს და გაჩერდნენ. დაიწყეს პარკის მშენებლობა – ჩქარა-ჩქარაში მიაფუჩეჩეს და რას ჰგავს, კი ხედავთ. ვითომ კარუსელებიც ჩამოიტანეს, მაგრამ ყველაფერი სანახევროდ და უგულოდ, არაკაცურად არის გაკეთებული."

ყაზახური კომპანიის მიერ ჩატარებულ სამუშაოს მიხეილ სააკაშვილიც იწუნებს. უნიჭოდ გაფორმებული კონტრაქტი, როგორც მას პრეზიდენტი უწოდებს, ხელახლა გადაიხედება:

"ჩვენ ბორჯომში დიდი პრობლემა დაგვემართა, ყაზახებმა აიღეს “ლიკანი”, დაანგრიეს, 500 ადამიანი დატოვეს უმუშევრად და არაფერი არ ააშენეს. ეს იყო უნიჭოდ გაფორმებული კონტრაქტის შედეგი. სერიოზული დისკუსიები გვაქვს ყაზახეთის მთავრობასთან. ეს არის ყაზახური სახელმწიფო კომპანია. თბილისშიც წარუმატებელი იყო მათი საქმიანობა და ჩვენ არ მოგვწონს, რომ ეს ასე მოხდა. ყველაზე მეტად მე განვიცდი, რომ ბორჯომში დაგვრჩა ამდენი უმუშევარი. ამაზე ჩვენ ცალკე ვიმუშავებთ, მაგრამ წყალი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ბორჯომის წყალს ვასმევთ მთელ მსოფლიოს და ბორჯომში არ არის ნორმალური სასმელი წყალი მთელი ათწლეულების განმავლობაში. ეს არის მართლა ისტორიული პროექტი ბორჯომისთვისაც და ბაკურიანისთვისაც. წყლის მარაგები სავსეა იქ. უბრალოდ, საჭირო იყო ამის ტექნოლოგიურად სწორი გაკეთება. მართალია, შორიდან არის მოსაყვანი, მაგრამ ამის გაკეთება შესაძლებელია. ამაზე ვიმუშავებთ ერთად."

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ტურიზმის სამმართველოს მონაცემებით, უცხოელი ტურისტების რაოდენობა, გასულ წლებთან შედარებით, დაახლოებით 30%-ით შემცირდა. თუმცა ტურიზმის სამმართველოში იმედოვნებენ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულების შემდეგ ბორჯომში დამსვენებლების რიცხვი გაიზრდება.