იუშჩენკომ დაადასტურა, რომ კენჭს იყრის მომავალ არჩევნებში

უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუჩშენკომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ კენჭს იყრის 2010 წლისთვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში. მანვე დასძინა, რომ საკუთარ გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარება. „ჩვენ თქვენთან ერთად გავიმარჯვებთ, როგორც ეს 2004 წელს მოხდაო“, მიმართა იუშჩენკომ თანამემამულეებს. საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში 2010 წლის 17 იანვარს გაიმართება. „ნარინჯისფერი რევოლუციის“ დროს იუშჩენკოს თანამებრძოლი, ამჟამად კი მისი მოწინააღმდეგე, პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო მიიჩნევს, რომ იუშჩენკოს არავითარი შანსი არ აქვს, არჩეულ იქნეს მეორე საპრეზიდენტო ვადით - მაშინაც კი, თუ თავად ტიმოშენკო და მისი პოლიტიკური ძალა მხარს დაუჭერენ პრეზიდენტს. სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, უკრაინაში იუშჩენკოს რეიტინგი უაღრესად დაბალია.