კლინტონი თეირანს მოუწოდებს, უარი თქვას ბირთვული პროგრამის განხორციელებაზე

თუ ირანი უარს არ იტყვის თავისი ბირთვული პროგრამის განხორციელებაზე, აშშ მონაწილეობას მიიღებს რეგიონში თავისი მოკავშირეების თავდაცვითი სისტემების მოდერნიზებაში; თუმცა, ამასთანავე, ვაშინგტონი უარს არ ამბობს თეირანთან მოლაპარაკების გამართვის წინადადებაზე. ამ შინაარსის განცხადებები გააკეთა დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა, რომელიც ტაილანდში იმყოფება. იქ იგი მონაწილეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის - ასეანის - წევრი სახელმწიფოების რეგიონულ ფორუმში, რომელიც უსაფრთხოების საკითხებს ეძღვნება. "ირანმა უნდა გაიგოს, რომ მისი სწრაფვა, ბირთვული იარაღი შექმნას, სულაც არ განამტკიცებს მის უსაფრთხოებას და არ გააძლიერებს მის გავლენას - არც რეგიონული და არც გლობალური მასშტაბით" - განაცხადა აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.