სოხუმი თბილისს მეკობრეობაში ადანაშაულებს

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველო მეკობრეობაში დაადანაშულა. სერგეი შამბა მიიჩნევს, რომ დაკავებული ხომალდებისგან ფულს სწორედ მეკობრეები მოითხოვენ, თუმცა, ქართული მხარე ამას ოფიციალურად დაჯარიმებას უწოდებს. დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა გაზეთ „კომერსანტს“ და სააგენტო „ინტერფაქსს“ განუცხადა, რომ აფხაზეთს საკუთარი სამხედრო-საზღვაო ფლოტი ჰყავს და თუ თბილისი სოხუმისკენ მიმავალი უცხოური გემების დაპატიმრებას არ შეწყვეტს, აფხაზური მხარე საქართველოს მიმართულებით მოძრავ გემებს დააკავებს. სწორედ მსგავს მოქმედებას უწოდა შამბამ პროპორციული, რომლის შესახებაც აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მიერ საერთაშორისო თანამეგობრობისადმი გაგზავნილ მიმართვაშია საუბარი. შეგახსენებთ, რომ 17 აგვისტოს, ქართველმა მესაზღვრეებმა ქვეყნის კანონმდებლობის დარღვევის და კონტრაბანდის ბრალდებით დააკავეს პანამის დროშით მცურავი გემი, რომელსაც სოხუმში საწვავი მიჰქონდა.