უკრაინა რუსეთის ბრალდებას უარყოფს

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ უარყო, რომ უკრაინელი სამხედროები აგვისტოს ომში მონაწილეობდნენ. სამინისტროს ინფორმაციით, შარშანდელი შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებამდე, საერთაშორისო სწავლებაში მონაწილეობისთვის საქართველოში იმყოფებოდა 10 უკრაინელი სამხედრო, რომლებიც კიევში 8 აგვისტოს დაბრუნდნენ. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს კომენტარი მოჰყვა რუსეთის პროკურატურის მიერ ორშაბათს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ აგვისტოს ომში უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები და ორგანზიაცია „უნა-უნსოს“ წევრები მონაწილეობდნენ. რუსეთის ბრალდებას BBC-სთან ინტერვიუში პროპაგანდა უწოდა უკრაინის გენერალური შტაბის პრესმდივანმა სერგეი კუზმინმა. „უნა-უნსოს“ ლიდერებმა ასევე უარყვეს, რომ შარშან, აგვისტოში ორგანიზაციის წევრები ქართველთა მხარდასაჭერად იბრძოდნენ.