გალილეოს ტელესკოპის 400 წლისთავი

400 წლის წინათ, 1609 წლის 25 აგვისტოს, ზაფხულის ხვატის მიუხედავად ვენეციაში სენატი შეიკრიბა თვალსაჩინო სამეცნიერო ხელსაწყოს განსახილველად. ის ააგო ცნობილმა ასტრონომმა და ფლოსოფოსმა პიზიდან, გალილეო გალილეიმ და ძალზე შორს მდებარე საგნებზე დაკვირევბის საშუალებას იძლეოდა. ეს გახლდათ ტელესკოპი.
აქვე უნდა ითქვას, რომ ტელესკოპი გალილეოს არ გამოუგონია. ამ რევოლუციური ხელსაწყოს გამომგონებელი გახლავთ ნიდერლანდელი ასტრონომი ჰანს ლიპერჰეი, რომელმაც ერთი წლით ადრე, 1608 წელს შექმნა ის.

მაგრამ გალილეომ ეს გამოგონება სრულყო. მისი ტელესკოპი უკვე რვაჯერ ადიდებდა დასაკვირვებელ ობიექტს.

რატომ შეიკრიბა ვენეციის სენატი სრული შემადგენლობით, დღემდე გაურკვეველია. შესაძლოა ვენეციელები თავიანთი შუშის მრეწველობის განვითარების მომავალს ხედავდნენ ტელესკოპის წარმოებაში. ვენეცია და ფლორენცია იმ დროისთვის ლინზების წარმოების წამყვანი ცენტრები იყო.

მაგრამ გალილეოს ტელესკოპის მთავარი დამსახურება კომერციული ხასიათის არ ყოფილა. მან რევოლუცია მოახდინა ასტრონომიაში.

როგორც ამერიკული ჟურნალის "სქაი ენდ ტელესკოპის" მთავარმა რედაქტორმა, ალან მაკრობერტმა უთხრა ჩვენს რადიოს, პირველი, რაც გალილეომ გააკეთა თავისი ტელესკოპით, იყო მთვარეზე დაკვირვება.

მან მალე აღმოაჩინა, რომ მთვარის ზედაპირი არ იყო სრულყოფილი და სწორი, როგორც მანამდე საუკუნეების განმავლობაში ეგონათ.

"ეს იმიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ ამან მართლაც თავდაყირა დააყენა ციური სხეულების შესახებ მრავალსაუკუნოვანი წარმოდგენები - რომ ცაში საგნები ძირეულად განსხვავდებოდა საგნებისგან დედამიწაზე. რომ დედამიწა იყო მოუწესრიგებელი, არაწმინდა, ცოდვილი, გზასაცდენილი და დაცემული. და რომ ცაში საგნები იყო სრულყოფილი, გეომეტრიული და მათ არ ახასიათებდა უწესრიგობა. გარკვეული თვალსაზრისით, გალილეომ, ფაქტობრივად, ზეცა მიწაზე ჩამოიყვანა," ამბობს მაკრობერტსი.

გალილეოს დაკვირვებებმა ასევე ყურადღების ცენტრში მოაქცია ძველი დისკუსია სამყაროში დედამიწის ადგილის შესახებ. ბერძენი და ეგვიპტელი სწავლულები ფიქრობდნენ, რომ დედამიწა სამყაროს ცენტრშია მოთავსებული, პლანეტები კი მის გარშემო ბრუნავენ. ამის საპირისპიროს ამტკიცებდა ნიკოლაი კოპერნიკი, რომელმაც გალილეომდე 60 წლით ადრე დააინტრიგა ვენეციელი სენატორები თავისი საკუთარი ტელესკოპით. კოპერნიკმა აღმოაჩინა, რომ დედამიწა და სხვა პლანეტები მზის გარშემო ბრუნავენ.

გალილეო თავისი ტელესკოპის გამოყენებით კიდევ უფრო მეტად დარწმუნდა კოპერნიკის ჰელიოცენტრისტული თეორიის სისწორეში. ამან მას პრობლემები შეუქმნა რომის კათოლიკურ ეკლესიასთან ურთიერთობებში.

1610 წელს ზოგიერთმა სასულიერო პირმა იერიში განახორციელა მეცნიერზე იმ არგუმენტის მოშველიებით, რომ ღმერთმა დედამიწა შექმნა სამყაროს ცენტრად და მასზე ადამიანი დაასახლა.

1616 წელს ეკლესია უკვე ოფიციალურად დაინტერესდა ჰელიოცენტრისტული თეორიით და ის ფორმალურად დაგმო, როგორც "მცდარი და წმინდა წერილის საპირისპირო."

გალილეო გააფრთხილეს, უკუეგდო ეს მწვალებლობა, რაც მან გააკეთა კიდეც. მაგრამ 1632 წელს გამოსცა ნაშრომი, რომელშიც დაიცვა თავისი შეხედულებები. საქმეში ჩაერია ინკვიზიცია, რომელმაც გალილეო მწვალებლობაში ეჭვმიტანილად გამოაცხადა და შინაპატიმრობა მიუსაჯა მას.

ინკვიზიციამ აიძულა გალილეო უარეყო თავისი თეორია. ამის გაკეთება გალილეოს მხრიდან შეიძლება არ იყო მაინც და მაინც ვაჟკაცური ნაბიჯი. მაგრამ, როგორც ჩანს იფიქრა, რომ ჯობდა ცოცხალი ასტრონომი ყოფილიყო, ვიდრე მკვდარი იდეოლოგი.

ეკლესიამ მხოლოდ 359 წლის შემდეგ მოახდინა გალილეო გალილეის რეაბილიტაცია. მხოლოდ 1992 წელს აღიარა ვატიკანმა, რომ ის ცდებოდა, გალილეო კი მართალი იყო.

ასტრონომი 1642 წელს გარდაიცვალა ფლორენციაში, საკუთარ სახლში, სადაც იგი შინაპატიმრობაში იყო სიცოცხლის ბოლო პერიოდში.