კუნდუზის პროვინციაში კიდევ ერთი შეტაკება მოხდა

შვიდი ავღანელი პოლიციელი და თალიბანის 11 მებრძოლი დაიღუპნენ ჩრდილოეთ ავღანეთის კუნდუზის პროვინციაში წუხელ მომხდარი შეტაკების შედეგად. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, თალიბებმა იერიში მიიტანეს დურაის რაიონის პოლიციის განყოფილებაზე. როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი იუწყება, ბრძოლის შემდეგ უგზო-უკვლოდ დაიკარგა ერთი პოლიციელი და არსებობს ეჭვი, რომ მას კავშირი ჰქონდა თალიბანთან. კუნდუზი, რომელიც ერთ დროს, სამხრეთ და აღმოსავლეთ ავღანეთთან შედარებით, მშვიდ რეგიონად ითვლებოდა, სულ უფრო ხშირად იქცევა თალიბანის სამოქმედო სივრცედ.