ვაშინგტონს სურს, დოლარმა მთავარი ვალუტის სტატუსი შეინარჩუნოს

აშშ-ის ფინანსთა მინისტრის ტიმოთი გაიტნერის განცხადებით, ვაშინგტონი განაგრძობს ძლიერი დოლარის მხარდაჭერის პოლიტიკის გატარებას. პიტსბურგში, „დიდი ოცეულის“ სამიტის დაწყებამდე გაიტნერმა აღნიშნა, აგრეთვე, რომ შეერთებულ შტატებს სურს, დოლარმა შეინარჩუნოს მსოფლიოს მთავარი სარეზერვო ვალუტის სტატუსი. მინისტრის თქმით, ბარაკ ობამას ადმინისტრაცია აპირებს, ყოველი ღონე იხმაროს საბიუჯეტო დეფიციტის შესამცირებლად. გაიტნერმა დასძინა, რომ ამერიკის ეკონომიკის გამოცოცხლება საამისოდ ხელსაყრელ პირობებს ქმნის.