კასიანოვი ემხრობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთისთვის ხმის ჩამორთმევას

რუსი ოპოზიციონერი მიხაილ კასიანოვი ემხრობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში შეტანილ წინადადებას, რუსეთისთვის ამ ორგანიზაციაში ხმის უფლების ჩამოთრმევის შესახებ. კასიანოვმა, რომელიც დაურეგისტრირებელი სახალხო-დემოკრატიული კავშირის ლიდერია, ჩვენს რადიოსთან საუბარში განაცხადა, რომ ასეთ წინადადებას ემხრობა იმის გამო, რომ რუსეთის ხელისუფლება, მისი აზრით, აფერხებს ევროსაბჭოს მუშაობას: მოსკოვს არ შეუსრულებია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, დაკავშირებული საქართველოში გასული წლის აგვისტოს ომთან, გარდა ამისა ის უარს ამბობს სიკვდილით დასჯის გაუქმებაზე შესაბამისი ოქმის რატიფიცირებით. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 72-მა წევრმა მოაწერა ხელი საქართველოს მიერ ინიცირებულ წინადადებას, რომელიც ითვალისწინებს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის ხმის უფლების შეჩერებას. ამ წინადადებას განიხილავენ საპარლამენტო ასამბლეის შემოდგომის სესიაზე, რომელიც 28 სექტემბერს იწყება. კასიანოვი რუსეთის პრემიერ-მინისტრი იყო 2000-2004 წლებში.