ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია ჰერტა მიულერს მიენიჭა

დღეს ცნობილი გახდა ნობელის წლევანდელი პრემიების კიდევ ერთი ლაურეატის ვინაობა: ლიტერატურის დარგში ეს პრემია მიენიჭა გერმანელ მწერალ ჰერტა მიულერს. მიულერის ლიტერატურული დებიუტი 1982 წლით თარიღდება - ეს იყო მოთხრობების კრებული, რომელშიც ასახულია რუმინეთის პატარა გერმანულენოვანი სოფლის მკვიდრთა ცხოვრება, იქ გავრცელებული კორუფცია, შეუწყნარებლობა, რეპრესიები. თვით მიულერიც რუმინეთშია დაბადებული, კერძოდ სამხრეთ-დასავლეთ რუმინეთში მდებარე ბანატის რეგიონში, რომელიც ეთნიკური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მიულერი ჩაუშესკუს რეჟიმის აქტიური ოპონენტი იყო და 1987 წელს გერმანიაში ემიგრირება ამჯობინა. ხვალ ცნობილი გახდება მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის ვინაობა.