რუსეთი და სლოვაკეთი უკრაინასთან საზღვრებს ამკაცრებენ

ღორის გრიპის გავრცელების საფრთხის გამო რუსეთმა და სლოვაკეთმა უკრაინასთან საზღვრები გაამკაცრეს. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ გუშინ განაცხადა, რომ ვირუსის გავრცელების დროიდან გრიპით გარდაცვლილთა რაოდენობამ უკრაინაში 71-ს მიაღწია. ორიოდე დღის წინ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კიევში ჯგუფი გაგზავნა. ორგანიზაცია აცხადებს, რომ დღემდე გატარებული ღონისძიებები მნიშვნელოვანი და პოტენციური საფრთხის ადეკვატურია. უკრაინის ქალაქ ლვოვში მთავრობამ კაფეების, კინოთეატრებისა და თეატრების ხელმძღვანელებს ობიექტების განუსაზღვრელი ვადით დახურვისკენ მოუწოდა. ლვოვში ქუჩაში მოსიარულეთა ერთ მესამედს სამედიცინო ნიღბები უკეთია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, უკრაინაში ”ეიჩ1ენ1” ვირუსით გარდაცვალების მხოლოდ ერთი დადასტურებული შემთხვევაა, თუმცა, ის, რაც ხდება უკრაინაში, მნიშვნელოვანია და დიდ ყურადღებას იმსახურებს.