ავთანდილ დემეტრაშვილი არ გამორიცხავს სსკ-ის დატოვებას

ავთანდილ დემეტრაშვილი

კახეთში მთავრობასთან ერთად მყოფმა მიხეილ სააკშვილმა მინისტრებს მოუწოდა, მოუსმინონ ოპოზიციას. თუმცა, თავად საქართველოს პრეზიდენტი ამ შეგონებას თავად არღვევს არა მხოლოდ ოპოზიციასთან, არამედ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის (სსკ) მიმართ. ის კომისიის გვერდის ავლით შევიდა პარლამენტში სამი საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივით. უკანასკნელი ეხება გადასახადების გაზრდის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას, რამაც საკონსტიტუციო კომისიის წევრების მოთმინების ფიალა აავსო. საკონსტიტუციო კომისიაში მუშაობის მიზანშეწონილობაზე კვირის დასაწყისში გაზეთ “რეზონანსთან” ინტერვიუში ისაუბრა კომისიის წევრმა ზურაბ ჯიბღაშვილმა. იგივე გაიმეორა რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საკონსტიტუციო კომისიის წევრმა ავთანდილ დემეტრაშვილმაც. თუმცა გამოთქვა რწმენა, რომ პრეზიდენტის მხრიდან კომისიის უგულებელყოფა შემდგომში აღარ მოხდება.