დაკავებულების მშობლებმა სახალხო დამცველს დახმარება სთხოვეს

სოფელ ტირძნისში საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში ჩავიდა და ცხინვალში დაკავებული მოზარდების მშობლებს და ოჯახის წევრებს შეხვდა. დაკავებულების მშობლებმა სახალხო დამცველს ბავშვებისთვის მედიკამენტების შეგზავნა სთხოვეს. როგორც ცნობილია, ვიქტორ ბუჩუკურს და ალეკო ცაბაძეს დაკავებამდეც ჰქონდათ ჯანმრთელობის პრობლემა. ვიქტორ ბუჩუკურის ბებიის, ნელი ბუჩუკურის, განცხადებით, მის შვილიშვილს სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. სახალხო დამცველმა მათ მიაწოდა ინფორმაცია ჟენევაში გამართული დისკუსიის დროს ოსური დელეგაციისა და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თომას ჰამარბერგის შეხვედრის შესახებ. როგორც გიორგი ტუღუშმა აღნიშნა, მას ჰამარბერგთან ყოველდღიური კონტაქტი აქვს, რომელიც, თავის მხრივ, ბავშვების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებას ოსურ მხარესთან აწარმოებს.