ევროსაბჭო ორი ქართველი მოზარდის გათავისუფლებას მიესალმა

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი და მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ორი ქართველი მოზარდის გათავისუფლებას მიესალმნენ. დღეს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ტურბიორნ იაგლნდი და მიშლინ კალმი-რეი აღნიშნავენ, რომ პირველი დადებითი შედეგის მისაღწევად გადამწყვეტი როლი ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თომას ჰამარბერგის ინიციატივამ და მოქმედებამ შეასრულა. ევროსაბჭოს გენერალური მდივანი და მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე კომისრის ძალისხმევას კვლავ სრულ მხარდაჭერას უცხადებენ და ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ დაპირების შესაბამისად, დარჩენილი ორი მოზარდიც უახლოეს დღეებში უნდა გათავისუფლდეს.