სამეგრელოში H1N1 ვირუსით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა

ზუგდიდის წმინდა ლუკას სახელობის სამედიცინო ცენტრში H1N1 ვირუსით ინფიცირებული 54 წლის ხობელი მამაკაცი და 22 წლის ფოთელი გოგონა მოათავსეს. სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაციის მენეჯერის ნიკოლოზ ჭეჟია თქმით, ორივე პაციენტის ჰოსპიტალიზაცია დაგვიანებულია, რის გამოც მათ მწვავე ორმხრივი ბაქტერიული ფილტვების ანთება აღენიშნებათ. ერთი პაციენტი ხელოვნურ სუნთქვაზეა. ნიკოლოზ ჭეჟიას განცხადებით, H1N1 ვირუსით დაინფიცირებული პაციენტების სიმრავლის შემთხვევაში ზუგდიდის სამედიცინო ცენტრს ანტივირუსული მედიკამენტების საკმარისი მარაგი აქვს, რასაც ვერ ვიტყვით ხელოვნური სუნთქვის აპარატზე. „ასეთ შემთხვევაში, პაციენტების გადაყვანა სხვა სამედიცინო ცენტრებში მოხდება“, - ამბობს ადმინისტრაციის მენეჯერი. ოფიციალური მონაცემებით სამეგრელოში H1N1 ვირუსით ინფიცირების ეს პირველი შემთხვევაა. როგორც ზუგდიდის სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, ნებისმიერი ტიპის ვირუსის გამოვლენისას მოქალაქეებმა სამედიცინო ცენტრებს უნდა მიმართონ, რათა თავიდან აიცილონ შემდგომი გართულებები.