თურქეთში ქურთების მიერ მოწყობილ საპროტესტო გამოსვლას 2 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა

თურქეთიდან მოსული ინფორმაციის თანახმად, 2 ადამიანი დაიღუპა დღეს, ძირითადად ქურთებით დასახლებულ მუსის პროვინციაში, როცა ერთ-ერთი მაღაზიის გაბრაზებულმა მფლობელმა ცეცხლი გაუხსნა ქურთების მიერ მოწყობილ მსვლელობას. აქცია თურქეთის მთავარი პრო-ქურთული პარტიის აკრძალვის გაპროტესტების მიზნით იმართებოდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავდა აქციის რამდენიმე მონაწილე. გავრცელებული ცნობების თანახმად, მაღაზიის მფლობელის გაბრაზება აქციის მონაწილეთა მიერ მისი მაღაზიის დაზიანებამ გამოიწვია. პრო-ქურთული დემოკრატიული საზოგადოების პარტიის დაშლის გადაწყვეტილება თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გასულ კვირაში მიიღო. გადაწყვეტილებას მთელი ქვეყნის მასშტაბით მოჰყვა საპროტესტო გამოსვლები. პარტიის აკრძალვის საფუძვლად სასამართლომ ქურთ სეპარატისტ მეამბოხეებთან მისი კავშირის ბრალდება გამოიყენა.