გარდაიცვალა რუსი ეკონომისტი ეგორ გაიდარი

53 წლის ასაკში გარდაიცვალა პოსტსაბჭოთა ეკონომიკური რეფორმების არქიტექტორი, რუსი ეკონომისტი ეგორ გაიდარი. გავრცელებული ინფორმაციით, გაიდარი მოსკოვის ოლქში, საკუთარ სახლში ტრომბოემბოლიით გარდაიცვალა. გაიდარი ბორის ელცინის პრეზიდენტობის დროს რუსეთის ხელისუფლებაში იყო და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვეყნის საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის რეფორმებს ხელმძღვანელობდა. რეფორმამ, რომელსაც ”შოკური თერაპია” ეწოდა, 1992 წელს გაათავისუფლა რუსეთში ფასები და პრივატიზაციის პირველ ტალღას დაუდო საფუძველი.