ცხინვალი ქართულ სპეცსამსახურებს ადამიანის გატაცებაში ადანაშაულებს

ნიქოზი-ავნევის შემოვლითი გზა


დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ქართულ სპეცსამსახურებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქის გატაცებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ოსური საინფორმაციო სააგენტო ”რესი” იუწყება.

ოსური მხარის მტკიცებით, გენადი პლიევს გუშინ, დაახლოებით 07:00 საათზე ხუთი ადამიანი იმ დროს დაესხა თავს, როდესაც ცხინვალის გარეუბანში, შანხაის რაიონში ვარჯიშობდა. შანხაის უბანი ქართულ სოფელს ნიქოზს ესაზღვრება. სააგენტოს ინფორმაციით, პლიევი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანეს. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახალხო დამცველის დავით სანაკოევის ინფორმაციით, პლიევი ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა ცხინვალის გარეუბნიდან გაიტაცეს და ოსური მხარე, ამის შესახებ, საქმის კურსში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასაც ჩააყენებს.

ოსური მხარის ბრალდებას პლიევის გატაცებასთან დაკავშირებით აბსურდული უწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა. მისი თქმით, გენადი პლიევი ქართველმა სამართალდამცავებმა იმ დროს დააკავეს, როცა ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ავტომატით და ხელყუმბარებით შეიარაღებული გადმოვიდა. უტიაშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა, რომ დაკავებული დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის დაცვის სამსახურის თანამშრომელია. მისი დაკავება კი ნიქოზის საგუშაგოს პოლიციელებმა განახორციელეს.

დაკავებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმე იარაღის უკანონოდ ტარების მუხლით არის აღძრული. სასამართლომ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.

გასული წლის ბოლოს ოსურმა მხარემ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან თომას ჰამარბერგთან შეხვედრისას დააყენა წინადადება დაკავებულთა გათავისუფლების შესახებ პრინციპით „ყველა – ყველაზე“. ოსური მხარე საქართველოს ციხეებში მყოფი 40-მდე მოქალაქის გათავისუფლებას ითხოვს, რომელთა შორის აგვისტოს ომამდე გორის ტერაქტისთვის დაკავებულებიც არიან. ამ წინადადებას ქართული მხარე არ განიხილავს და თავის მხრივ ცხინვალის ციხეში მყოფი ექვსი ლამისყანელისა და სამი ფრონესხეობელის უპირობო გათავისუფლებას მოითხოვს.