ირაკლი ალასანია - პოლიტიკოსი

27 დეკემბერი, კვირა
დღიურს პირველად ვწერ.
არ მეადვილება.
ბაკურიანში ვართ სამი დღით, ვაჯამებთ 2009 წელს და ვფიქრობთ 2010-ზე. ალიანსის წევრებმა გადავწყვიტეთ, წლის პოლიტიკური ანალიზი ერთად გავაკეთოთ. დედაქალაქიდან განმარტოებაში საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინტიტუტმა შეგვიწყო ხელი. მათაც აინტერესებთ, რას ვგეგმავთ.
12:30-ზე გავედით თბილისიდან. ბორჯომის ულამაზესი ხეობა... ბაკურიანი. დიდი თოვლი არ დევს. ყინავს.
16:00 – 19:00. "ალიანსი საქართველოსთვის" წევრები პოლიტიკურ ანალიზს ვაკეთებთ. დღიურის მკითხველის მიმართ სოლიდარობის გრძნობა არ მაძლევს ნებას, საუბრების დეტალებით დავტანჯო. ერთს ვიტყვი: ასეთ ადგილებში ბევრად უფრო საინტერესოა პოლიტიკოსების მოსმენა, ვიდრე ტელეკამერის წინ პოზიორობის დროს.

Your browser doesn’t support HTML5

თავისუფლების დღიურები - ირაკლი ალასანია


დღიურის წერამ საკუთარ თავთან განმარტოების შანსი მომცა. დავფიქრდი, რა მაქვს სათქმელი, და თანაც ისეთი, რომ ღიად გამოიცეს. პირველი წელია, რაც საჯარო პოლიტიკაში ვარ. ალბათ, ამის შეფასებით უნდა დავიწყო. 15 წელი სახელმწიფო სამსახურში ვიყავი და ჩემი საქმის უდიდესი ნაწილი საჯაროობისგან შორს იდგა. ამ წლებმა მასწავლა დაკვირვება, მოსმენა და მდუმარება. ახლა, ერთბაშად, ყველაფერი ჩემს ირგვლივ იქცა მედიის როგორც ბუნებრივი, ისე არაჯანსაღი ინტერესის საგნად. ქართულ პოლიტიკაში ოპონენტი ნიშნავს მტერს, რომელთან “ომში” შეგიძლია ეთიკის ყველა წესი დაივიწყო. მე ამ დამკვიდრებული მტრობის პრაქტიკას ვემტერები. პოლიტიკა იმდენად ბინძურია, რამდენადაც შენ მისცემ გასაქანს ცუდკაცობას.
დღეს ჩემები თბილისში წამოვიდნენ ნიუ იორკიდან. 23 საათი გზაში იქნებიან. ახალ წელს ერთად შევხვდებით თბილისში. ფრენის საერთოდ არ მეშინია. თუმცა, 25 დეკემბერს ამერიკაში თვითმფრინავის აფეთქების მცდელობამ ცოტათი ამაღელვა. კონტრტერორისტული გამოცდილების მიუხედავად, დღემდე მზარავს იმის გააზრება, რომ არსებობენ ადამიანები, უფრო სწორად, არაადამიანები, ვინც საკუთარ სიცოცხლეს წირავს ასობით და ათასობით სხვა ადამიანის გასაუბედურებლად. ასეთ ხალხს მე მარტივად ერთ სახელს ვარქმევ - “არაადამიანები”, ჩემი ცოლი ამას სხვანაირად ახსნიდა. თუ არ შევაჩერებდი, ერთ საათსაც ილაპარაკებდა.
მოსაღამოვდა. ერთ-ერთ მეგობარს 12 წლის ვაჟიშვილი - დათო - ჰყავს წამოყვანილი. ულამაზესი და საოცრად სხარტი აზროვნების თაობა მოდის საქართველოში. ძალიან მეიმედებიან.
გავისეირნეთ ბაკურიანის ქუჩებში. დაბრუნებულებმა, სასტუმროში, აუზი ვიპოვეთ და იქით გადავინაცვლეთ ყველამ. დღეც სასიამოვნოდ გაილია.

28 იანვარი, ორშაბათი
გამთენიისას, 5 საათისთვის, ნათია, ნიკუშა და ეკა თბილისში ჩამოფრინდნენ. მეგობრები დახვდნენ ჩემს მაგივრად. დაძაბულობა მომეხსნა.
10:00-დან 19:00-მდე ერთობლივი სამუშაო შეხვედრები გაგრძელდა. შინაარსიანი და შედეგიანი იყო დღევანდელი დღე.
ოცდასამსაათიანი მგზავრობის შემდეგ, პირველი ჩემი ქალიშვილი ეკა იღვიძებს და მირეკავს. ცხოვრებას უკეთესი თვალით შევხედე. ბედნიერების განცდა და თბილისში გაქცევის სურვილი ერთდროულად დამეუფლა.
დღევანდელი დღეც, გუშინდელივით, საღამოს მოციონით დასრულდა. გვიან სასტუმროს ფოიეში ტელეეკრანს მოვკარი თვალი, დავაკვირდი. საბჭოთა პროპაგანდის საუკეთესო ტრადიციებშია გადაწყვეტილი გადაცემები ყველა ეროვნულ არხზე. ყოველდღე ვხედავ და ვგრძნობ იმას, რისგანაც თავქუდმოგლეჯილი გამოვრბოდით საბჭოთა კავშირიდან. ჩემი ქვეყანა ძალიან პატარაა ასეთი დიდი ტყუილისთვის.
ეკრანზე გაღიმებული სახეებია. გაღიმებული სახეები ძალიან მიყვარს, თანაც ჩვენებმა გულწრფელი სიცილი იციან. ტელეეკრანზე მრავალი მოცინარი სახე დავინახე, ძალიან ცოტას უცინოდა თვალები.

29 დეკემბერი, სამშაბათი
დილით გავიღვიძე და გული დამწყდა, რომ თხილამურებზე დადგომა ვერ მოვასწარი. რამდენიმე წლის წინ პირველად დავდექი და კარგი იქნებოდა პრაქტიკა გამეღრმავებინა. ექსტრემალური სპორტი ძალიან მომწონს. ბოლო წლები პარაშუტისტობით გავერთეთ მე და ჩემი მეგობრები. მალე ლიცენზირებული პარაშუტისტებიც უნდა გავმხდარიყავით, მაგრამ აგვისტოს ომმა ყველაფრის ხალისი წაგვართვა. მაგის დროც დაბრუნდება, ისევე როგორც, მოცინარი და გაბრწყინებული თვალები დაუბრუნდება ჩვენს ხალხს.
შუადღეს თბილისისკენ დავიძარით.
ხუთზე "რედისონის" სასტუმროში საქმიანი შეხვედრა გვაქვს ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტთან. ძალიან საინტერესო რჩევები მივიღეთ წინასაარჩევნო სტრატეგიასთან დაკავშირებით. ყოველთვის სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების თანადგომის სურვილით. ენთუზიაზმით გიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და საკუთარ შეცდომებზე ბევრს გიყვებიან. გონიერი კაცი გაიგებს და გაითვალისწინებს. რაც არ მოგწონს, დაივიწყებ. მეცინება, როდესაც შეთქმულების თეორიებით შეპრობილი ადამიანები მათში ვერაფერს ხედავენ ანტიქართული პოლიტიკის მსახურების მეტს.
ცხრაზე შევხვდი რამდენიმე პოლიტიკური ორგანიზაციის ლიდერებს. ტელეკომპანია "მაესტროს" მომავალზე ველაპარაკეთ მის ახალ ხელმძღვანელს. დამაიმედებელი შეხვედრა გამოდგა.
23:00-თვის ძვლივს მივაღწიე სახლში და ჩემები გულში ჩავიკარი. ნათია და მე 18 წელია ერთად ვართ. ნიკუშა ათი დღის წინ 17 წლის გახდა. წმინდა ნიკოლოზის დღეს დაიბადა. კარგი კაცი დგება. მთავარი არ ეშლება – ცუდს და კარგს უკვე არჩევს ერთმანეთისგან და სიტყვის შენახვა იცის. კატო (დედამისი ასე ეძახის ეკას) 13 წლის არის. რაც “ტინეიჯერი” გახდა, სულ უფრო მეტი რამ ხდება მის ირგვლივ, რასაც აღარ მიყვება. არ მწყინს. ძალიან მგავს.

30 დეკემბერი, ოთხშაბათი
დილით სამსახურში მივედი, ანუ პარტიის ოფისში. მას მერე, რაც თანამდებობა დავტოვე, ნათია ხუმრობით უმუშევარს მეძახის. ოფისში ვხვდები, რომ ასე დასაქმებული დიდი ხანია არ ვყოფილვარ. ვემზადებით, როგორც შეგვიძლია, მივულოცოთ თბილისის მოსახლეობას და მხარდამჭერებს ახალი წელი. ბევრი კარგი ჩანაფიქრი გვაქვს, ბევრ ადამიანს ნამდვილად გავახარებთ ახალ წელს.
13 საათზე, "თბილისი მერიოტში", ხელი მოვაწერე გაეროსადმი ოპოზიციური პარტიების საერთო მიმართვას. მერე ახლობლის დედის გასვენებაში წავედი.
17:00-ზე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა ჩაიწერა ოჯახური პორტრეტი. საკუთარი სახლი დაუმთავრებელია, ამიტომ ნათიას მშობლების სახლში შევხვდით ჟურნალისტებს. ძალიან მიყვარს ეს სახლი. კეთილი სახლია.
საღამოს დათო აქუბარდიას გადაცემას ვესტუმრე "კავკასიაზე". ჩემი ბოლო პოლიტიკური ინტერვიუა წელს.

31 დეკემბერი, ხუთშაბათი
მთელი დღეა, დედაჩემი და ბებიაჩემი სუფრას ამზადებენ. ნათია დღის ბოლოს ერთვება. საღამოს ჩემი ნათლული ქეთა გვესტუმრა დედასთან ერთად.
ახალი წელიც მოვიდა. წინა სამ ახალ წელს ნიუ იორკში შევხვდით. ამიტომ დღეს განსაკუთრებული დღესასწაულია.
2009 წელი დამთავრდა. ყველაზე მთავარი, რაც გამყვება ამ წლიდან დაუმთავრებელი საქმის ბოლომდე მიყვანის განცდა იქნება. ამ საქმეს ერთობა ქვია. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში საკუთარი შეცდომით რამდენჯერმე საშინელი ტრაგედია დავატრიალეთ ჩვენ ქვეყანაში. დიდი უნდობლობა და გაუტანლობა დავთესეთ ერთმანეთში. მინდა, ყველაფერი ცუდი 2009 წელთან ერთად ჩავაბაროთ ისტორიას.
გასული წლის პოლიტიკური ორომტრიალი მშვიდობით რომ დასრულდა, ეს ჩვენი საზოგადოების, ხალხის დამსახურებაა. მგონი, გავიზარდეთ. მგონია, ერთმანეთს აღარ გავიმეტებთ და მეტ საერთოს ვიპოვით ერთმანეთში. ტოტალური სიყალბით, თვალის ახვევით და დაშინებით ხალხის მხარდაჭერას ვეღარავინ იყიდის. ძალიან მჯერა, რომ არ ვცდები. 2010 წელი რეალობის აღქმის წელი იქნება. უნდა გამოვფხიზლდეთ და იმედით დავიწყოთ მომავლის შექმნა. ჩვენს ხალხს ეს შეუძლია, უბრალოდ, სწორი მაგალითი სჭირდება.
ყველას გილოცავთ!