არასამთავრობო სექტორისა და პრეზიდენტის შეხვედრა ცესკოს კანდიდატურებთან დაკავშირებით დღეს შედგება

საქართველოს პრეზიდენტისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან გუშინ საღამოს დაგეგმილი შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურებთან დაკავშირებით, დღეს 12 საათისთვის გადაიდო - ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“. ცესკოს თავმჯდომარის არჩევის ახალი წესი საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შედეგად განისაზღვრა, რომელიც პარლამენტმა 2009 წლის 28 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, ცესკოს თავმჯდომარის პოსტისთვის სამ კანდიდატურას პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შედეგად შეარჩევს. შერჩეული კანდიდატებიდან კი ერთ-ერთს ცესკოში წარდგენილი ოპოზიციური პარტიების კანდიდატები აირჩევენ. თუ ოპოზიციის წარმომადგენლებმა გადაწყვეტილება 11 იანვრამდე ვერ მიიღეს, მაშინ ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტი აირჩევს. 11 არასამთავრობო ორგანიზაცია მხარს უჭერს „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელს – ეკა სირაძეს. არსებული ინფორმაციით, თავმჯდომარის პოსტზე განაცხადის გაკეთების სურვილი აქვთ ასევე ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ლევან თარხნიშვილს და იურისტ კახა სოფრომაძეს.