გალში სამხედრო ქალაქი შენდება

სამხედრო ბაზების მშენებლობა გალის რაიონში

ოკუპირებულ გალის რაიონის სოფელ მეორე ოტობაიაში რუსი ჯარისკაცები სამხედრო ბაზის მშენებლობას განაგრძობენ. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას მეორე ოტობაიას მკვიდრმა აცნობა. მისი განცხადებით, სამხედრო ბაზის მშენებლობა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და ფიქრობს, რომ ბაზა საკმაოდ დიდი მოცულობის იქნება. ”სოფლის ცენტრთან საერთო საცხოვრებლებს აშენებენ, ოდნავ მოშორებით კი სამხედრო ბაზას. ჩვენი დაკვირვებით, შეიძლება ითქვას, რომ ბაზა ძალიან დიდი იქნება”, - ამბობს ოტობაიას მკვიდრი.

ოკუპირებულ სოფელ მეორე ოტობაიაში რუსი ჯარისკაცების მიერ სამხედრო ბაზის მშენებლობას ადასტურებს სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის დევნილი მთავრობის წარმომადგენლობის უფროსი თორნიკე კილანავაც. მისი თქმით, მეორე ოტობაიაში მშენებარე სამხედრო ქალაქი მხოლოდ ფსბ-ს ოფიცრებისთვის და პირადი შემადგენლობისთვის იქნება განკუთვნილი. ”სამხედრო ბაზას ექნება თავისი ავტონომიური ელექტრომომარაგება და წყალმომარაგება, რაც გვაფიქრებინებს, რომ ეს იქნება სამხედრო ქალაქი”, - განაცხადა კილანავამ.

სოფელ ფიჩორში კი, რომელიც ოტობაიას ესაზღვრება, დევნილი მთავრობის ინფორმაციით, ფსბ-ს ოფიცრების ოჯახებისთვის სახლები და მინი სამხედრო ბაზა აშენდება, სადაც სერჟანტები და სხვა წოდების სამხედრო პირები იცხოვრებენ.

აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის კიდევ ერთი ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ჯარისკაცები სამხედრო ბანაკებს ააშენებენ თაგილონში, ჭუბურხინჯსა და საბერიოში. თუმცა, როგორც ამ უწყებაში აცხადებენ, ეს სამხედრო ობიექტები შედარებით მცირე ზომის იქნება, ვიდრე მეორე ოტობაიასა და ფიჩორში.