საერთაშორისო ორგანიზაცია შესაძლებლად მიიჩნევს მსოფლიოში კიბოთი დაავადების შემთხვევების 40 პროცენტის პრევენციას

კიბოს საწინააღმდეგო საერთაშორისო კავშირი შესაძლებლად მიიჩნევს მსოფლიოში კიბოთი დაავადების შემთხვევების 40 პროცენტის პრევენციას, თუ ადამიანები სათანადო ზომებს მიმართავენ. ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი, დევიდ ჰილი დღეს, კიბოს საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ორგანიზაციის ვებსაიტით გავრცელებულ ვიდეო-მიმართვაში ამბობს, რომ შესაძლებელია დაავადების თითქმის ყოველი მეორე შემთხვევის თავიდან აცილება. მისი ორგანიზაციის ინოფრმაციით, მსოფლიოში ყოველ წელს 12 მილიონამდე ადამიანს უსვამენ კიბოს დიაგნოზს, მათგან 7, 6 მილიონი - დაავადებას ეწირება. გაეროს ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, წლევანდელი თემა „კიბოს პრევენციაც შესაძლებელია“ ყურადღებას ამახვილებს პრევენციის ზომებზე, როგორიც არის ჯანსაღი კვება და რეგულარული ვარჯიში, უარი თამბაქოს მოხმარებაზე და მზეზე დიდხანს ყოფნაზე.