აფხაზურმა მხარემ დაადასტურა გალში სამხედრო ბანაკების მშენებლობა

ოკუპირებულ გალში დღეს, გაეროსა და ევროკავშირის მისიების მონაწილეობით, ხუთმხრივი შერეული შეხვედრის რიგით მე-12 რაუნდი გაიმართა. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მიზნით შექმნილი ჯგუფების შეხვედრა 6 საათი მიმდინარეობდა გაეროს კომისრის გალის ოფისში.

თბილისის დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა, შეხვედრის დასრულების შემდეგ ენგურის ხიდთან შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღევანდელი მოლაპარაკება კონსტრუქციული იყო და სხვადასხვა საკითხები განიხილეს: ”საუბარი შეეხო ე.წ. საზღვარზე გადაადგილების პრობლემასა და ქართველების ყოფნას აფხაზეთის ციხეებზე.”

გასულ კვირაში რადიო თავისუფლება, გალის რაიონის მცხოვრებლებზე დაყრდნობით, იუწყებოდა, რომ რუსი ჯარისკაცები ფიჩორში, ოტობაიაში, საბერიოსა და ლეკუხონაში სამხედრო ბანაკებს აშენებენ. შოთა უტიაშვილის თქმით, დღევანდელ შერეულ შეხვედრაზე მისმა რუსმა და აფხაზმა მონაწილეებმა თბილისის დელეგაციას ეს ცნობა დაუდასტურეს. ”რუსებმა გვითხრეს, რომ სახლები შენდება მათი ოფიცრებისთვის. ასევე გვითხრეს, რომ სამხედრო ძალების როტაცია არ განხორციელებულა და არც ახლო მომავალში იგეგმება გადაადგილება”, - გვიხსნის უტიაშვილი.

ვიდრე გალში შერეული შეხვედრა მიმდინარეობდა, რადიო თავისუფლება აფხაზეთიდან გადმოსულ მოქალაქეებს გაესაუბრა. რესპონდენტების თქმით, ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების პრობლემა არა აქვთ და არც აფხაზი მესაზღვრეები ითხოვენ მათივე მთავრობის მიერ შემოღებულ საშვებს. ”უპრობლემოდ გადმოვედი და არც საშვი მოუთხოვია ვინმეს. ალბათ, პენსიონერი რომ ვარ, იმიტომ. არ ვიცი, ვერ გეტყვით”, - გვითხრა ჭუბურხინჯელმა ქალბატონმა.

რაც შეეხება მორიგ ხუთმხრივ შეხვედრას, ის ოკუპირებულ გალში, მხარეთა შეთანხმებით, 2 მარტს გაიმართება.