თურქეთმა საქართველოს ტრანზიტული ტრანსპორტისთვის გადასახადი დააწესა

სასაზღვრო გამშვები პუნქტი საქართველო-თურქეთის საზღვარზე

თურქეთის ტერიტორიაზე ტრანზიტული გადასახადი 2010 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდება. ამასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ტაბატაძემ. მისი განცხადებით, თურქეთის ტრანსპორტის მინისტრის განკარგულებით, თურქეთის ტერიტორიაზე ტრანზიტული გადაადგილებისთვის დაწესებული გადასახადის გადახდას დაექვემდებარა დროებითი ან უცხოური სანომრე ნიშნების, დახურული ძარის მქონე ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლითაც ტვირთის ტრანსპორტირებაა შესაძლებელი. მათ შორის მიკროავტობუსებიც.

განკარგულების შესაბამისად, სატრანზიტო გავლის საფასური დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის 1 200 ევროს, ხოლო ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის 600 ევროს შეადგენს.

თურქულმა მხარემ სატრანზიტო გადასახადის დაწესების მიზეზად მიკროავტობუსის ტიპის გადაკეთებული ავტოსატრანსპორტო ტვირთების გადაზიდვის ნაკადის მნიშვნელოვანი ზრდა დაასახელა.