ქართულ მაფიად წოდებული დაჯგუფების წევრობაში ეჭვმიტანილ 18 პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

ესპანეთის ეროვნულმა სასამართლო პალატამ ქართულ მაფიად წოდებული დაჯგუფების წევრობაში ეჭვმიტანილ 18 პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სააგენტო ”ეფე”-მ გაავრცელა პალატის მოსამართლის ფერნანდო გრანდე-მარლასკის დადგენილება, რომელშიც ნათქვამია, რომ კრიმინალური დაჯგუფება, სახელწოდებით ”ქუთაისი” ესპანეთში 2005 წლიდან მოქმედებდა და ფილიალები ჰქონდა საფრანგეთში, გერმანიაში, ავსტრიაში, ნიდერლანდში, შვეიცარიასა და იტალიაში. ამ ქვეყნებში ერთდროულად ჩატარებული ოპერაციის შედეგად 80 ადამიანი დააკავეს. კრიმინალური დაჯგუფების წევრებს ფულის გათეთრებაში, დოკუმენტების გაყალბებაში, გამოძალვასა და მუქარაში ადანაშაულებენ. ესპანეთის პროკურატურის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაჯგუფების წევრები უკანონოდ მოპოვებულ თანხებს, ბარსელონასა და ვალენსიაში ორ საიუველირო მაღაზიაში, ავტომობილების სახელოსნოებსა და რესტორნებში ათეთრებდნენ.