საქართველოში ვაცლავ ჰაველის ვიზიტი აღარ შედგება

საქართველოში ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტის ვაცლავ ჰაველის ვიზიტი აღარ შედგება. საინფორმაციო სააგენტოები ჩეხეთის საელჩოს ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ ცნობილი პოლიტიკოსი თბილისში ავადმყოფობის გამო ვერ ჩამოვა. ამ ინფორმაციის გავრცელებამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე, პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ ვაცლავ ჰაველი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი მისაბაძ პოლიტიკურ ფიგურად მიიჩნევს, პრეზიდენტის მოწვევით თბილისს 24 მარტს ესტუმრებოდა. ამავე ბრიფინგზე მანჯგალაძემ კვლავ განაცხადა, რომ 12-13 აპრილს პრეზიდენტი სააკაშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ობამას მიწვევით ვაშინგტონში, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობისადმი მიძღვნილ სამიტს დაესწრება. პრეს-სპიკერის ცნობით, სამიტის ფარგლებში პრეზიდენტი რამდენიმე არაოფიციალურ შეხვედრას გამართავს, მსგავსი ფორმატით აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის საკითხი კი, სამიტის მსვლელობისას გადაწყდება