ანდერს ფოგ რასმუსენი: ნატოს პოლიტიკა საქართველოს მიმართ არ შეცვლილა

ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა დღეს განაცხადა, რომ ალიანსის პოლიტიკა საქართველოს მიმართ არ შეცვლილა და ის კვლავაც მხარს უჭერს საქართველოს სვლას ევრო-ატლანტიკური სივრცისკენ - თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ახლო მომავალში საქართველოს ნატოში გაწევრიანება არ იგეგმება. ნატოს გენერალური მდივანი ამ განცხადებით ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამოვიდა. თავის მხრივ, სააკაშვილმა საქართველოს მხრიდან ავღანეთში მიმდინარე ნატოს ოპერაციაში მონაწილეობაზე ისაუბრა - აღნიშნა, რომ ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, საქართველო პირველ ადგილზეა საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერ ნატოს ძალებში გაგზავნილი ჯარის რაოდენობით. ამასთან, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ავღანეთში ჯარის გაგზავნის გადაწყვეტილებას ქართული საზოგადოება დიდწილად ეთანხმებოდა.