ერაყის საპარლამენტო არჩევნებში ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გაიმარჯვა

ერაყის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეჯამების პროცესი

ერაყის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების თანახმად, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, აიად ალავის კოალიციამ მოქმედ პრემიერ-მინისტრ ნური ალ-მალიკის ბლოკზე ორით მეტი მანდატი მოიპოვა. კერძოდ, 325 წევრიან წარმომადგენელთა საბჭოში ალავის კოალიციას 91 ადგილი აქვს, ალ-მალიკის ბლოკს კი 89. ალ-მალიკი აცხადებს, რომ ამ შედეგს არ აღიარებს, იმიტომ რომ ის „საბოლოო“ არ არის. ძირითადად შიიტური ჯგუფებისგან შემდგარმა ერაყის ეროვნულმა ალიანსმა 70 მანდატი მოიპოვა. „ქურთისტანიამ“ - ქურთთა ავტონომიური რეგიონის 2 მთავარი ბლოკისგან შემდგარმა კოალიციამ - 43 მანდატი. 17 ადგილს დამოუკიდებელი კანდიდატები და შედარებით პატარა პარტიების წარმომადგენლები შეავსებენ. დარჩენილი 15 მანდატი კი კვოტების პრინციპით რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებზე განაწილდება. ერაყის კონსტიტუციის თანახმად, მანდატების ერთი მეოთხედი ქალებმა უნდა მიიღონ.