ევროპის კავშირმა მაღალი შეფასება მისცა განიარაღების ახალ ხელშეკრულებას რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის

ევროპის კავშირმა მაღალი შეფასება მისცა განიარაღების ახალ ხელშეკრულებას რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის და განიარაღების სფეროში „სერიოზული წინსვლა“ უწოდა მას. ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების ხელმძღვანელმა, კეთრინ ეშტონმა თქვა, რომ რუსეთ-ამერიკის ხელშეკრულება „აძლიერებს მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის უსაფრთხოებას.“ ახალი ხელშეკრულებით, რომლის შესახებაც პარასკევს ერთობლივად გამოაცხადეს ვაშინგტონმა და მოსკოვმა, განთავსებული ქობინების რაოდენობა 1550-ით განისაზღვრება. ეს დაახლოებით 30 პროცენტით ნაკლებია, ვიდრე ქობინების 2002 წელს განსაზღვრული ზედა ზღვარი. ხელშეკრულებას 18 აპრილს პრაღაში მოეწერება ხელი.