მოსკოვის საავადმყოფოებში 88 დაშავებული რჩება

მოსკოვის საავადმყოფოებში 29 მარტის ტერაქტების დროს დაშავებული 88 ადამიანი რჩება. გარდაცვლილთა რაოდენობა 39-ია. რუსეთის საგანგებო ვითარებათა სამინისტროს თანახმად, ყველა მათგანი ამოცნობილია. მოსკოვსა და რუსეთის ზოგიერთ რეგიონში დაღუპულებს კრძალავენ. მოსკოვის მერიის ინფორმაციით, 34 საფლავია გაფორმებული. ხელისუფლებამ დაკრძალვისთვის საჭირო თანხები გამოყო. ამას გარდა თითოეული გარდაცვლილის ოჯახი 300 ათას რუბლს (დაახლოებით 10200 დოლარს) მიიღებს. კომპენსაციებს მიიღებენ დაშავებულებიც. მეტროსადგურებში ტერაქტების განხორციელებაზე პასუხისმგებლობა ჩეჩენ ექსპტრემისტთა ლიდერმა დოკუ უმაროვმა აიღო და რუსეთში ახალი თავდასხმებით დაიმუქრა. რუსეთის პრეზიდენტი დღეს სახელმწიფო დუმის ფრაქციების ლიდერებს შეხვდება. განხილვის მთავარი თემა ტერორიზმთან ბრძოლა იქნება.